სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის მიერ შემზღუდავი კანონების ხელმოწერას ინაუგურაციის დღესვე, მას „დე ფაქტო პრეზიდენტს“ უწოდებს და აცხადებს:
„ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად“.
„მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და [„ქართულ ოცნებას] საჯარო სამსახურებში „წმენდის“ უფლებას აძლევს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რაც პარლამენტმა, – რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ – 13 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 2024 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა რიგი კანონებისა, რაც პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო და რასაც ადამიანის უფლებათა დამცველები უწოდებენ „რეპრესიულს“, „შემზღუდავს“, „სადამსჯელოსა“ და „არადემოკრატიულს“.
იმ კანონებს შორის, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, არის:
· ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება მარტივდება.
· ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექტნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას ითვალისწინებს;
· ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე, პროდუქტის უსაფრთხოების კანონში ცვლილება – რაც ასევე პიროტექნიკას ეხება
· შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება – სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ
· პოლიციის კანონი, რაც შსს-ში მუშაობის დაწყებას ამარტივებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთათვის
· ცვლილებები სახელმწიფო დაცვის კანონში, – რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება;
· ცვლილებები საარჩევნო კოდექში – რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება.
ფორუმი