ძალადობა ხელკეტებით, ე.წ კასტეტებით, ბლაგვი და ბასრი საგნებით – კადრებს, ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ. 13 პირის, მათ შორის 7 არასრულწლოვნის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მანამდე დაპატიმრებული ახალგაზრდების ტელეფონები გახსნეს და ვიდეომასალა ამოიღეს. ირკვევა, რომ თბილისის შუაგულში, მინიმუმ 50-კაციანი რამდენიმე ჯგუფი მოქმედებდა, მსხვერპლს არჩევდა და წამების საათებს უწყობდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს გავრცელებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ნეონაცისტური იდეოლოგიის ჯგუფის ერთ-ერთი თავდასხმაა ასახული. ამ კადრებით დგინდება, რომ ბანდის მინიმუმ ხუთი წევრი გოგო იყო. ტელეფონების გახსნის შედეგად ამოღებული კადრებით დადგინდა, რომ ახალგაზრდების ჯგუფი თავდასხმისთვის იყენებდა – ხელკეტებს, კასტეტებს, ცეცხლსასროლ და აკუსტიკურ იარაღს, მსხვერპლს წიხლებით სცემდნენ, გადაღებულ კადრებს კი მსხვერპლის დამცირებისთვის ავრცელებდნენ. საქმის მასალებში დევს მტკიცებულება, როდესაც ნაცემს მოკვლით ემუქრებოდნენ.
ამ საქმეზე დაკავებულ პირთა წრე, შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს. ბრალდებულების ტელეფონების შესწავლას, რომელიც დანაშაულის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს, გამოძიება ამ დრომდე აგრძელებს. ეს ყველაფერი თბილისის ცენტრში, ხშირად ხალხმრავალ ადგილებში ხდებოდა. ჩნდება კითხვა – ვიდრე, მასწავლებელი არ მოკლეს და გამოძიებამ არ დაიწყო დამნაშავეთა ჯგუფის გაშიფვრა როგორ გამოეპარა პოლიციას ათობით კრიმინალური ფაქტი.




