პროკურატურამ კასპის საკრებულოს 2 მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა – საუბარია 2022 წელს კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება ბიუჯეტის განხილვის დროს მოხდა, მიზეზი საბიუჯეტო სახსრებით ახალი ავტომობილების შეძენასა და საკრებულოს თავმჯდომარის დიპლომთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვები გახდა.
ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და აქტივისტებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაზიანდა “მთავარი არხის” ტექნიკაც.
ბრალდებულებს შორის არიან საკრებულოს აპარატის უფროსი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. “მთავართან” საუბარში ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. პროკურატურა საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან ძალადობას ედავება.
“არა, არ ვაღიარებ [ბრალს]” – გვითხრა გიორგი მჭედლიშვილმა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
კასპის საკრებულოს აპარატის უფროსი – ზურა ჩიტიშვილი, რომელსაც ერთ-ერთი აქტივისტი დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ პირველად ესმის ბრალის წარდგენაზე. აქტივისტი ირაკლი მილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
“დაველოდოთ სიტუაციას, რა იქნება” – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე, შოთა ბეგლარაშვილმა, კითხვაზე პასუხად, გააგრძელებენ თუ არა ბრალდებულები მუშაობას.
რაც შეეხება იმავე დღეს ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას, რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა, ჟურნალისტები არც დაზარალებულად არ უცნიათ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.
“იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სამართალდამცავებს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება, ვინაიდან, ამ დრომდე არიან დაუსჯელები მოძალადეები”, – ამბობს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, გიორგი ახალკაცი.
