ძალადობა მოზარდებზე – რამდენიმე არასრულწლოვნის სექსუალური შინაარსის ფოტოები სოციალურ ქსელში ისე განათავსეს, რომ თავად მსხვერპლებმა არაფერი იცოდნენ. დანაშაულის გამო უკვე მხილებულია 9 და დაკავებულია 5 პირი. მათ შორისაა 29 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი სამ არასრულწლოვანთან ნდობაში შევიდა, შემდეგ კი მოზარდები აიძულა ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაეღოთ და მისთვის გადაეგზავნათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს შექმნილი ჰქონდა სოციალური ქსელის ყალბი გვერდი, სადაც 14-15 წლის გოგონებისგან იძულებით მოპოვებული ფოტოები საჯაროდ განათავსა. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაზარალებულების მშობლებმა მიაწოდეს.
გენდერის ნიშნით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით, 29 წლის მამაკაცის დაკავების ოპერაცია წალკაში ჩატარდა. ადგილობრივებმა დანაშაულის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სოფელში სამართალდამცველები გამოჩნდნენ.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დაზარალებულებთან ნაცნობობას უარყოფს.
არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ ფაქტზე, სამართალდამცველებმა კიდევ სამი პირი ამხილეს. ამ საქმეში საუბარია სამ არასრულწლოვანზე. დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში მოზარდმა გოგონამ 14 წლის ბიჭს, ფეისბუქ მესენჯერით ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო გადაუგზავნა, მან კი გადაღებული მის ორ მეგობარს გაუზიარა. მოგვიანებით, ინტიმური შინაარსის ფოტო მასალა გოგონას კლასელებმაც ნახეს.
ფოტოებით და ვიდეოებით შანტაჟის რამდენიმე საქმე ერთდროულად გახსნა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიებამ ამ შემთხვევაშიც დაადგინა, რომ ბრალდებულები სოციალური ქსელების მეშვეობით, ინტიმური შინაარსის მასალებს, დაზარალებულების ოჯახის წევრებს და ახლობლებს უგზავნიდნენ. დანაშაულში 10 პირია მხილებული. “კურიერის” ინფორმაციით, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
ბრალდებულების სახლების და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. საქმეში დევს ფოტო და ვიდეო მასალებიც.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტულ საქმეებზე მხილებულთა და დაკავებულთა რაოდენობა, უახლოეს პერიოდში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.