ამ ამბავმა წლების წინ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია…
14 წლის გოგონას, ელიზაბეტ სმარტის ოთახში ერთ ავბედით ღამეს ბრაიან მიტჩელი შეიპარა – რელიგიური ფანატიკოსი, რომელსაც ვითომდა “ახალი ეპოქის“ რელიგიის შექმნა სურდა. საკუთარ თავს დავითს უწოდებდა და ფიქრობდა, რომ ძლევამოსილი იყო. მან დანის გამოყენებითა და მუქარით გაიტაცა. ოჯახში ეს ამბავი ვერავინ გაიგო, რადგან ყველას ეძინა. გოგონამ კი ყვირილიც ვერ მოახერხა, რადგან ბოროტმოქმედი დაემუქრა, რომ თუკი ხმას ამოიღებდა, ოჯახის ყველა წევრს დახოცავდა.
ბრაიანმა 14 წლის გოგონა ტყეში წაიყვანა, სადაც მისი ცოლი, ვანდა ბარზი ელოდებოდა. ის კარვის გარეთ იდგა და ლოცულობდა…
როდესაც დილით ელიზაბეტის მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონა სახლში არ იყო, მისი ძებნა დაიწყეს…
ბრაიანმა 14 წლის გოგონა მეორე ცოლად გამოაცხადა. 9 თვის განმავლობაში ელიზაბეტი ბოროტმოქმედთან და მის ცოლთან ერთად ცხოვრობდა. მამაკაცი გოგონას არა მხოლოდ აუპატიურებდა, არამედ ალკოჰოლისა და არალეგალური ნივთიერებების მიღებას აიძულებდა. ამის შესახებ მხოლოდ მას მერე გაიგო საზოგადოებამ, როცა გოგონა გათავისუფლდა და ამ ამბავზე წიგნი დაწერა…
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 14 წლის გოგონას მშობლები გამუდმებით ეძებდნენ, მაგრამ მისი კვალი არსად ჩანდა. პოლიციამ რომ ვერაფერი იპოვა, მშობლებმა დახმარებისთვის ტელევიზიებს მიმართეს. ელიზაბეტის ფოტოები გამოაქვეყნეს და ადამიანებს სთხოვდნენ, თუკი რაიმეს გაიგებდნენ, დაკავშირებოდნენ.
ერთ დღეს ბრაიანი, ვანდა და ელიზაბეტი სასეირნოდ წავიდნენ. მათ პარიკები და სათვალეები ეკეთათ, მაგრამ გამვლელებმა გოგონა მაინც იცნეს. იქვე მიმართეს პოლიციას და აღმოჩნდა, რომ ის მართლაც სმარტი იყო.
გოგონა მშობლებთან დააბრუნეს… დაიწყო სასამართლო პროცესები და 2010 წელს მიტჩელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მისმა ცოლმა ბრაიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თუმცა ქალსაც პატიმრობა შეეფარდა და ის ციხეს 2025 წელს დატოვებს.
ელიზაბეტის წიგნს, რომელიც ამ ამბებს ასახავდა, “მე ელიზაბეტ სმარტი ვარ“ ჰქვია. მოგვიანებით მან ამავე სახელწოდების ფილმში მიიღო მონაწილეობა.
ახლა ის სოციალურ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. გატაცების მსხვერპლ ადამიანებთან მუშაობს და საკუთარ საქველმოქმედო ფონდს მართავს. ელიზაბეტი 36 წლისაა. მეთიუ გილმორზეა დაქორწინებული და 3 შვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, როდესაც მისი შვილები გაიზრდებიან, აუცილებლად მოუყვება, თუ რა გადახდა ბავშვობაში.