“ცხოვრება ძვირდება, ფასები დამკვეთის მხრიდან არ იზრდება” – პაატა ტრაპაიძე დარგში შენელებას ელოდება

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები განაახლა. თებერვალში კლება ორ ძირითად სექტორში დაფიქსირდა, მათ შორისაა დამმუშავებელი მრეწველობა, ღვინის წარმოება და მშენებლობა. გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რომ მშენებლობის დარგში შემცირება ძირითადად ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოების შენელებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა თავისი ეფექტი ჰქონდა დეველოპმენტსაც.
„კავკასუს როუდ პროჯექტის“ მმართველი პარტნიორი პაატა ტრაპაიძე განმარტავს, რომ გასულ წელთან შედარებით სექტორში კლება მასშტაბური პროექტების დასრულებას უკავშირდება, თუმცა მისი შეფასებით, არსებული გამოწვევების ფონზე სექტორში კლების ტენდენციის შენარჩუნება არ უნდა გამოვრიცხოთ.
“შარშან თებერვალში მიდიოდა რიკოთის დამამთავრებელი სამუშაოები და ასევე ლარსისკენ მიმავალი გზის, დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა. გვირაბი პრაქტიკულად დასრულებულია და მიდის მოპირკეთების სამუშაოები, რაც იმ მასშტაბის ვერ იქნება რაც შარშან თებერვალში იყო. ასევე რიკოთიც პრაქტიკულად დასრულდა. დამამთავრებელი სამუშაოები მიდის პირველ ლოტზე და ამიტომ შემცირება ნამდვილად იქნება.
ბოლომდე არ არის დასრულებული ჩქაროსნული გზა და იქ სადაც დასრულება არის დიდი ტემპი არ არის, რადგან რთულია სამუშაოების შესრულება. იქ არის პირობები, რომელიც პროცესების დაჩქარებას ხელს ვერ შეუწყობს.
შეიძლება მოსალოდნელი იყოს შენელება, იმიტომ რომ გაიზარდა სახელფასო ფონდები, ფასები სამშენებლო მასალების და ამ პრობლემების გადაწყვეტა კერძო სექტორის დიდ ნაწილს უწევს პარალელურად. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ, ცხოვრება ძვირდება, სამშენებლო ფასები დამკვეთის მხრიდან არ იზრდება და ამას საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტები სჭირდება. აქედან გამომდინარე ნამდვილად მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი შემცირდეს,”- ამბობს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მმართველი პარტნიორი პაატა ტრაპაიძე.