ცხოვრება სახელმწიფოს ხარჯზე | საკონსტიტუციოს მილიონერ მოსამართლეს ბინის ქირას ბიუჯეტიდან უხდიან

სასამართლო კლანის პრივილეგირებული და გავლენიანი მოსამართლეების ცხოვრება სახელმწიფოს ხარჯზე. მოსამართლე ვასილ როინიშვილს, რომელსაც ბათუმში საკუთარი ბინა აქვს, გადასახადის გადამხდელები ბიუჯეტიდან ბინის ქირისთვის თანხას მაინც უხდიან. არასამთავრობოებისთვის – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან გამიზნული თაღლითობაა. მოსამართლე ვასილ როინიშვილი მდიდარია. მეტიც მის 2023 წლის დეკლარაციას თუ გავყვებით – ის მილიონერიცაა. ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონების გარდა, მას საბანკო ანგარიშებზე ნახევარი მილიონი ლარის დანაზოგიც აქვს. ამიტომაც გაუგებარია, რატომ იხარჯება ბიუჯეტიდან მისთვის ბინის დაქირავებაზე – თვეში დაახლოებით 1200 ლარი. ირკვევა რომ მოსამართლე როინიშვილისთვის სახელმწიფო ბინას წლებია ქირაობს; 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 43 ათასზე მეტი ლარი უკვე დახარჯულია.