კადრი ვიდეოდან/TV პირველიცხოველთა დამცველები სტერილიზაციის კამპანიის სრულფასოვნად ჩატარებასა და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას მოითხოვენ.
ორგანიზაცია Animal Project-ის წარმომადგენლების განცხადებით, სტერილიზაცია-კასტრრაციისთვის გადაყვანილი ცხოველების უმრავლესობა უკან არ დააბრუნეს.
რაც შეეხება ზუგდიდიან წაყვანილ ძაღლებს, ორგანიზაციის განცხადებით, მათი ნაწილი უკაცრიელ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც მაგისტრალია, რაც ავარიების რისკებს ზრდის.
“2025 წელს დაიწყო მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველების უმრავლესობა უკან აღარ დაბრუნებულა. ასევე, ხშირად მიჰყავთ უკვე სტერილიზებული, საჭდიანი ცხოველებიც. ამ ფაქტებს ადასტურებენ მოქალაქეები, მიმკედლებლები სხვადასხვა რეგიონიდან. გვაქვს შემთხვევები, წავკისსა და თბილისშიც, მათ შორის, ფონიჭალაში მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ეს საპილოტე პროგრამა არ ეხება.
ვირუსულად გავრცელდა კადრები ზუგდიდიდანაც, სადაც ადგილობრივმა მოქალაქემ სალომე ფარცვანიამ შეძლო და გადაიღო ვიდეო-ფოტომასალები, სადაც სავარაუდოდ, მისი მიკედლებული ძაღლიც წაიყვანეს და ამ მასალებში ნათლად ჩანს, რომ სტერილიზაციისთვის გადაყვანილ ცხოველებს უკეთიათ უკვე საჭდეები, რაც ადასტურებს იმას, რომ ცხოველები არიან უკვე გასტერილებულები და მაინც წაიყვანეს.
სეს საჯაროდ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამბობს, რომ აღნიშნული ძაღლები გადაყვანილები არიან მანიპულაციებისთვის ქუთაისში და დაბრუნდებიან უკან. სინამდვილეში, როგორც სალომე ფარცვანიასთან პირად საუბარში, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან – ვეტერინარებთან, ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აღნიშნავენ ცხოველების უმრავლესობა უკან აღარ დაბრუნდება. შეკითხვაზე – სად მიჰყავთ ცხოველები, ამაზე მათი პასუხია, რომ ბუნებაში გაუშვებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, გასტერილებული ცხოველების სხვა ტერიტორიაზე გადასახლება და მითუმეტეს მათი დაუსახლებელ ტერიტორიებზე დატოვება არის ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, არაჰუმანური აქტი, სრულიად ეწინააღმდეგება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მე-4 მუხლს, რომელიც 2025 წლის ივლისში თავადვე მიიღო ქართულმა ოცნებამ.
გუშინ, პირველ აპრილს, ზუგდიდელი ძაღლების ნაწილი მართლა დააბრუნეს, ზუგდიდელი აქტივისტები დილის 7 საათიდან პატრულირებდნენ ქუთაისის თავშესაფართან, რომ ენახათ სად წაიყვანდნენ ძაღლებს. დაახლოებით 28 ძაღლი ჩამოსვეს სრულიად უკაცრიელ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 1 ქარხანაა და არის ავტომაგისტრალი, რომელიც ხშირად იმსხვერპლებს ხოლმე ცხოველებს და ადგილობრივი ცხოველების მოყვარულები სიკვდილის გზასაც კი ეძახიან ამ ადგილს. ცხოველების ტრანსპორტირება ხდება არაჰუმანურ პირობებში, ძაღლები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ საერთო ვიწრო გალიებში იყვნენ განთავსებულები, ნაჩხუბრები და დასტრესილები. საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე კვირით ადრე სეს-მა აქტივისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საჭდიანი ძაღლების წაყვანა საჭირო იყო რევაქცინაციისთვის და აღრიცხვისთვის, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რევაქცინაცია აქამდეც, წლების განმავლობაში ხდებოდა ადგილზე, ისევ სეს-ის მიერ და ახლა ეს პრაქტიკა რატომ შეიცვალა არავინ იცის.
რაც შეეხება საჭდეების დამაგრებას, ჩვენ ვნახეთ, რომ საჭდეები შეცვლილი არ იყო, შესაბამისად, ისევ ტყუილი გაავრცელა სეს-მა” – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნათია ჩიქოვანმა.
მათივე განცხადებით, როდესაც მოხალისეებმა სურვილი გამთქვეს ძაღლები თავადვე დაებრუნებინათ, ქალაქის ეკიპაჟის წევრებმა მათ მითითება მისცეს, რომ ცხოველები გარეუბნებში გაეფანტათ.
მიუღებელია ცოცხლად დაწვაზე ბრალდებები, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ – ავალიანი
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს – 24 000+ მოქალაქის და 40-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, “შესაბამისი პროცედურების შემდეგ” გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
“ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში”, — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩილიგავა ამბობს, რომ “მნიშვნელოვანი საჭიროებაა კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან”. მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, “ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ.”