ცხოველების უკანონო ექსპორტი უკრაინიდან რუსეთში – „ასკანია-ნოვას“ ბიოსფერული ნაკრძალის დირექტორი სასამართლოს წინაშე წარსდგება

ხერსონის ოლქის „ასკანია-ნოვას“ ბიოსფერული ნაკრძალის დირექტორი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ არის დანიშნული, სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალად ედება ომის წესების და კანონების დარღვევა, რომელიც პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
ეს ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურატურის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ფსევდო-დირექტორი გარიგებაში შევიდა ს ნაკრძალების წარმომადგენლებთან და მათ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები უკანონოდ გადასცა.
„გადაყვანილ ცხოველებს შორის არის ჩეპმენის ზებრის ორი ინდივიდი, ამერიკული ბიზონი, დავითის ირემი (Elaphurus davidianus) და პრჟევალსკის ცხენი – სახეობა, რომელიც უკრაინის წითელ წიგნშია შეტანილი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გარდა ამისა, საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნულმა ბიოსფერული ნაკრძალის დირექტორმა ორგანიზება გაუკეთა დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ „ტაიგანის“ ლომების პარკში სამი უკრაინული ჯიშის ნაცრისფერი მსხვილფეხა რქოსანის პირუტყვის და ჩეპმენის ათი ზებრის გადაყვანას.
გამოძიების ინფორმაციით, ზარალის ჯამური ოდენობა 85,2 მილიონი გრივნაა (1 977 738 ევრო). ცხოველების უკანონო გადაყვანა ომის დანაშაულად მიიჩნევა. უკრაინის გენერალური პროკურატურის განმარტებით, ის კვალიფიცირებულია, როგორც ძარცვა და ჟენევის კონვენციის IV მუხლის დარღვევა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ, აგრეთვე ითვლება ჰააგის კონვენციის 28-ე და 56-ე მუხლების დარღვევად, რომლებიც სახმელეთო ომის კანონებსა და წესებს შეეხება.
სპეციალური წინასწარი გამოძიება ხერსონის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარმა სამმართველომ ჩაატარა. ფსევდო-დირექტორს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მანამდე პოლიციამ განაცხადა, რომ ხერსონის 38 წლის მკვიდრს ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის გაასამართლებენ. საოლქო ცენტრის ოკუპაციის დროს, ის უკანონოდ შექმნილი „დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსის პირველ მოადგილედ“ მუშაობდა.
წყარო: 1 არხი