რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა ცხინვალში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომ “რუსეთი მზადაა სამხრეთ ოსეთთან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (ОЭЗ) შექმნის გამოცდილების გაზიარებისთვის”.
” ჩვენ გამოვალთ რუსეთის მთავრობის წინაშე წინადადებით, რომ სახელმწიფო კომპანია «Кавказ.РФ»-ს დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭოს, რათა აქ კოლეგებმა შეძლონ კონსულტაციებისა და ინვესტიციური გარიგებების მხარდაჭერა“, – თქვა მან.
მისივე თქმით, “სამხრეთ ოსეთი ხდება ერთ-ერთი პერსპექტიული რეგიონი ინვესტიციების მოსაზიდად”.
“ინტერესს იწვევს პროექტები ასევე მინერალური რესურსების ძიებისა და მოპოვების, მაღალი ტექნოლოგიური აგროპროდუქციისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების სფეროები”.
ამასთან, ფორუმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “რესპუბლიკაში ინვესტორებისთვის არსებობს საწარმოების განვითარების, სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის მოლიბდენისა და სპილენძის კოლჩედანის რაციონალური მოპოვების კოლოსალური პოტენციალი”.
„ასეთი პრეცედენტი, როგორიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაშია, მსოფლიოში არსად არსებობს – 50-ათასიანი მოსახლეობა, საკუთარი ტერიტორია, ენა, მენტალიტეტი, კულტურა, მთები, რომლებიც ტერიტორიის 80%-ზე მეტს მოიცავს. თუ მთებს დავაკვირდებით, იქ ბევრი სასარგებლო წიაღისეულია. მრავალი ნაერთია – მოლიბდენიდან სპილენძის კოლჩედანამდე, რომელთა რაციონალური გამოყენება რესპუბლიკას მისცემს სამთო-გადამამუშავებელი მიმართულების ინდუსტრიულ პოტენციალს, მათ შორის ქვის გადამუშავების სფეროშიც, სადაც უკვე შექმნილია საწარმო და აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამიტომ პოტენციალი კოლოსალურია,“ – განაცხადა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ჯამბოლათ თადტაევმა.
მისივე თქმით, “35 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში ჩამოყალიბდა სუვერენული კანონმდებლობა, რომელიც სრულად იცავს ინვესტორების ინტერესებს და სახელმწიფო მხარდაჭერის გაწევაშიც უწყობს ხელს”.
