ცხინვალის ცნობით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების [IPRM] ფორმატის ფარგლებში, ტირიფონის არხის გავლით სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი განიხილეს.
როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტკონფლიქტური რეგულირების საკითხებში წარმომადგენლის მოადგილემ და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა, ეს საკითხი ასევე განიხილეს 31 მარტს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე.
„დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულად წარიმართა. მხარეებმა დაადასტურეს სარწყავი წყლის მიწოდების განზრახვა… შარშან საკმაოდ წარმატებული სეზონი გვქონდა, და იმედი გვაქვს, რომ წელსაც არ იქნება უარესი, და შესაძლოა, კიდევ უკეთესი იყოს და ჩვენს აგრარულ მწარმოებლებს სარწყავი წყლის დეფიციტი არ ექნებათ“ – განაცხადა მან.
კოჩიევის თქმით, ამ ეტაპზე მელიორაციის სამსახური ორივე მხრიდან აწარმოებს მოსამზადებელ სამუშაოებს – არხების გაწმენდასა და მექანიზმების მოწესრიგებას.
„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არიან ჩართულნი ეს სპეციალისტები და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, გვაქვს იმედი, რომ არ შეგვექმნება რაიმე სერიოზული პრობლემა,“ – ამბობს ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელი.
როგორც ოსური მედია წერს, ერგნეთში ასევე განიხილეს საწინააღდეგო მიმართულების – წინაგარის ზონის მიღმა მდებარე სარწყავი არხის ნაწილის აღდგენის საკითხი, როგორც ქართულ მხარეს, ასევე ისე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ერგნეთში შეხვედრასთან განცხადება გაავრცელა ასევე თბილისმაც.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 124-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, მკაცრად მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა. ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი და მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები”, – წერს სუს.
