დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება ეხმაურება „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას და აცხადებს, რომ „დრო გვიჩვენებს“, რამდენად „ზუსტად და გამჭვირვალედ“ მიუდგება კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას.
„ეჭვგარეშეა, რომ სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ. რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჰ.ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, ნათელია“, – წერია განცხადებაში.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“. რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.