მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქართული ცხვრისა და თხების ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი, ნაკლებად ასახავს დარგის განვითარებას – ამის შესახებ გადაცემა „მონეტიზაციის“ ეთერში კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა ისაუბრა.
გონაშვილის შეფასებით, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ქართული ცხვრის ექსპორტი ნაკლებად ხორციელდება და ქართული პროდუქციის სახელით სხვა ქვეყნიდან შემოყვანილი შინაური ცხოველები გადის ექსპორტზე. გონაშვილი ასევე აცხადებს, რომ ქართული ცხვრის ექსპორტი ძირითადად ივლისიდან იწყება, შესაბამისად, მოყვანილი სტატისტის ზრდა განპირობებულია გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში განუხორციელებელი ექსპორტით.
ბექა გონაშვილის განცხადებით, ქვეყანას აქვს რესურსი ყოველწლიურად საშუალოდ 250 ათასი სული ცხვრის ექსპორტი განახორციელოს. მისივე განცხადებით მთავარი საექსპორტო პარტნიორი საუდის არაბეთია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოდან საშუალოდ 7-დან 8 მილიონ სულამდე ცხვრის იმპორტს ახორციელებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტზე 3.290 მლნ დოლარის ღირებულების 811 ტონა ქართული ცხვარი და თხა გავიდა. ექსპორტის 84%-ზე მეტი კი საუდის არაბეთში განხორციელდა.
