კვირას, 91 წლის ასაკში, კინოლეგენდა ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა. თავისი ცხოვრების ბოლო ათწლეულებში, მან საზოგადოება იმით გააკვირვა, რომ ფრანგების ულტრამემარჯვენე ლიდერს, მარინ ლე პენს თანამედროვე „ჟანა დ'არკი“ უწოდა. ის მუდამ ამტკიცებდა, რომ მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც ცხოველებისთვის იყო კარგი. ბრიჯიტ ბარდოს თქმით, ულტრამემარჯვენე ძალების მხარდამჭერის იარლიყი უსამართლოდ მას შემდეგ მიაკერეს, რაც 1990-იანი წლების ბოლოს, მუსლიმების მიერ ცხვრების დაკვლის თაობაზე, მწვავე განცხადებები გააკეთა. „მე არასოდეს მითხოვია ვინმესთვის, რომ რასისტი ყოფილიყო და არ ვფიქრობ, რომ რასობრივ სიძულვილს ვაღვივებ“, – წერდა ის 2018 წლის წიგნში „Larmes de Combat“, რომელიც ინგლისურად „ბრძოლის ცრემლების“ სათაურით ითარგმნა. თუმცა, პარიზში დაბადებული, დაახლოებით 50 ფილმის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელმაც კინო ცხოველთა უფლებების დაცვის გამო მიატოვა, არაერთხელ იყო მსჯავრდებული სიძულვილის ენის გამო. ბრიჯიტ ბარდოს ასეთი ლექსიკა, ძირითადად, ისლამური სარწმუნოების წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ის აქტიურად უჭერდა მხარს ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს 2012 და 2017 წლების არჩევნებში. „მინდა, რომ მან საფრანგეთი გადაარჩინოს. ის 21-ე საუკუნის ჟანა დ'არკია“, – განუცხადა მან გამოცემა „პარი მატჩს“ 2014 წელს. ამ შემთხვევაში, ბრიჯიტს მხედველობაში ჰყავდა ლეგენდარული „ორლეანელი ქალწული“, რომელმაც XV საუკუნეში, ასწლიანი ომის დროს, ინგლისელები მოიგერია. „ის ერთადერთი ქალია… რომელსაც „კვერცხები“ აქვს“,- დასძინა მოგვიანებით კინოვარსკვლავმა ლე პენზე, რომელიც პრეზიდენტობისთვის 2022 წელსაც იბრძოდა.
ლე პენს, შესაძლოა, 2027 წელს ელისეის სასახლისთვის მეოთხედ ბრძოლა კორუფციული მსჯავრის გამო აეკრძალოს, მაგრამ მისი პარტია „ეროვნული გაერთიანება“ მაინც მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში მარინს პრეზიდენტობის მოპოვების საუკეთესო შანსი აქვს იმ ფონზე, როდესაც, ემანუელ მაკრონი, ორი ვადით ქვეყნის მართვის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს. კვირას ლე პენმა ბარდო გამოიგლოვა და მას უწოდა „წარმოუდგენლად ფრანგი, რომელიც მუდამ თავისუფალი და მოუთვინიერებელი იყო“, ხოლო მისმა თანამებრძოლმა, ჯორდან ბარდელამ, რომელმაც, შესაძლოა, ლე პენის ნაცვლად იყაროს კენჭი, გადაცვლილი მსახიობი „მგზნებარე პატრიოტად“ მოიხსენია და დასძინა, რომ ფრანგებმა დაკარგეს „მარიანა, რომელიც მათ ასე უყვარდათ“. საფრანგეთის რესპუბლიკას, ტრადიციულად, ქალის, სახელად მარიანას ფიგურის სახით წარმოაჩენენ – 1960-იან წლებში, ბარდო მხატვარ ალენ ასლანის მიერ შექმნილი სწორედ ამ ქანდაკების შესაქმნელად პოზირებდა. მაკრონმაც, რომელმაც ბარდოს მე-20 საუკუნის „ლეგენდა“ უწოდა, თავისი სამძიმრის წერილში, მიანიშნა „სახეზე, რომელიც მარიანა გახდა“.
თუმცა, მას არ უხსენებია კინოვარსკვლავის კომენტარები, რომლებიც სიძულვილის ენის გამო, გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველი გახდა. 1997 წელს ბარდო ეწინააღმდეგებოდა ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე ცხვრების რიტუალურ დაკვლას და ამბობდა, რომ ეს პრაქტიკა „საფრანგეთის მიწას ლაქად დააჩნდებოდა“. „ისინი ყელს სჭრიან ქალებსა და ბავშვებს, ჩვენს ბერებს, ჩვენს საჯარო მოხელეებს, ტურისტებსა და ჩვენს ცხვრებს. ერთ დღეს ჩვენც ასევე დაგვკლავენ“, – წერდა ის, რითაც მოძალადე ისლამისტებსა და რიგით მუსლიმებს ერთმანეთში ურევდა. ბრიჯიტი გამოდიოდა გაფრთხილებით „მუსლიმური საფრანგეთის შესახებ, რომელსაც ჩრდილოეთ აფრიკელი მარიანა ეყოლებოდა“. 1996 წელს, სამოქალაქო ომის დროს, ისლამისტმა მეამბოხეებმა საფრანგეთის ყოფილ კოლონია ალჟირში ფრანგი ბერები დახოცეს.
2003 წელს გამოცემულ წიგნში ბარდო წერდა, რომ „საფრანგეთის ისლამიზაციის წინააღმდეგია“ და ამტკიცებდა, რომ „ჩვენი წინაპრები, ბაბუები და მამები, საუკუნეების განმავლობაში სწირავდნენ სიცოცხლეს სხვადასხვა დამპყრობლის მოსაგერიებლად“. თუმცა, 2018 წელს ყოფილმა მსახიობმა გაზეთ„ლე მონდს“ განუცხადა, რომ მისი წუხილი ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით არასწორად გაიგეს და ის, „უბრალოდ, ცხოველების გაბრუებას (დაძინებას) ითხოვდა, მათი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად“.
თავის ბოლო წიგნში Mon Bbcedaire ბრიჯიტი ამბობს, რომ „აგონიაში მყოფი საფრანგეთისთვის გადაუდებელ წამალს მემარჯვენე პოლიტიკოსები წარმოადგენენ“. ცხოველთა უფლებების აქტივისტმა, რომელმაც #Metoo მოძრაობა გააკრიტიკა, ასევე დამამცირებელი კომენტარები გააკეთა გეი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. მისი მეოთხე ქმარი, ბერნარ დ'ორმალე, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის, გარდაცვლილი ჟან-მარი ლე პენის მრჩეველი იყო, რომლის პარტია, მოგვიანებით, მისმა ქალიშვილმა, მარინმა ჩაიბარა. 1996 წელს ბარდომ ჟან-მარი ლე პენი აღწერა, როგორც „მომხიბვლელი“ მამაკაცი, რომელიც ასევე წუხდა „იმიგრაციის საზარელი ზრდის“ გამო.
მოგვიანებით, მან (ლე პენმა), ბარდოს პოზიცია იმის დასამტკიცებლად მოიშველია, რომ მუსლიმ ქალებს საჯაროდ ბურკინის ტარების უფლება არ უნდა ჰქონოდათ. „საფრანგეთის პლაჟები ბარდოსა და ვადიმისაა“, – განაცხადა მან, რაც აშკარა მინიშნება იყო როჯერ ვადიმის 1956 წლის ფილმზე „და ღმერთმა შექმნა ქალი“, სადაც მსახიობი წელამდე შეხსნილი ქვედაბოლოთი ცეკვავს. ელისეის სასახლის ხშირი სტუმარი ბარდო ამბობდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტები – მაკრონის ჩათვლით – საკმარისს არ აკეთებდნენ ცხოველთა უფლებების დასაცავად. „მე მქონდა გიჟური იმედები იმ დროს, როდესაც „ეროვნულმა ფრონტმა“ (ამჟამინდელმა „ეროვნულმა გაერთიანებამ“), ცხოველთა ტანჯვის შესამცირებლად, კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა“, – განუცხადა მან „ლე მონდს“.
თუმცა, ის ასევე ამტკიცებდა, რომ ულტრამემარცხენე ლიდერს, ჟან-ლუკ მელანშონს დაუკავშირდა, „ვეგეტარიანელად გახდომა“ მიულოცა და დაჰპირდა, რომ მისი პარტიის სასარგებლოდ მისცემდა ხმას, თუ კომუნისტი პოლიტიკოსი მის წინადადებებს გაიზიარებდა.
წყარო: 1 არხი



