ცხენები, ქათმები, კურდღლები… დანიის ზოოპარკი, მტაცებლების გამოსაკვებად, მოსახლეობისგან შინაური ცხოველების შეწირვას ითხოვს

ქალაქ ოლბორგის () ზოოპარკი თავისი ვებ-გვერდიდან მოქალაქეებს მოუწოდებს, მტაცებლების გამოსაკვებად „ქათმები, კურდღლები და ზღვის გოჭები“, ასევე ცხენები მიიყვანონ.
მზად ხართ გაწიროთ თქვენი შინაური ცხოველი მტაცებლების გამოსაკვებად? ამას დანიის ქალაქ ოლბორგის ზოოპარკი გთავაზობთ. „თუ გყავთ ცხოველი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო შეგიძლიათ დათმოთ, გთხოვთ, ის ჩვენ შემოგვწიროთ“, – დაწერა ზოოპარკმა ფეისბუკ-გვერდზე 31 ივლისს. ზოოპარკი მოქალაქეებს „ცოცხალი ცხენების“ შეწირვასაც კი სთავაზობს. „ჩვენ მათ ევთანაზიას ჩავუტარებთ და ცხოველების საკვებად დავკლავთ“, – იუწყება რვა ჰექტარზე გადაჭიმული ზოოპარკის ვებ-გვერდი.
„ჩვენი საჭიროებები წლის განმავლობაში იცვლება და შესაძლოა, ლოდინიც კი მოგიწიოთ“, – აცხადებენ ზოოპარკი და იქვე რამდენიმე კრიტერიუმსაც ასახელებს: კერძოდ, ცხენის სიმაღლე, სხეულის ყველაზე მაღალ წერტილში, მაქსიმუმ, 147 სმ უნდა იყოს. ამასთან, მას, ბოლო 30 დღის განმავლობაში, ავადმყოფობა არ უნდა ჰქონდეს გადატანილი.
გარდა ამისა, ოლბორგის ზოოპარკი, შემოწირულობის სახით, ასევე იღებს ქათმებს, კურდღლებსა და ზღვის გოჭებს, მაგრამ „ერთ ჯერზე – მაქსიმუმ ოთხს“. ასეთი შემოწირულობების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საგადასახადო შეღავათების მიღება.
ამ განცხადებამ, ცხადია, ფეისბუკ-პოსტის ქვეშ მწვავე კომენტარები გამოიწვია, რის გამოც კომენტარების გათიშვა გახდა საჭირო. „ჩვენ გვესმის, რომ პოსტი იწვევს როგორც უკმაყოფილებას, ისე ინტერესს, მაგრამ სიძულვილის ენისა და ბოროტი რიტორიკის გამოყენება საჭირო არ არის“, – წერს ოლბორგის ზოოპარკი.
წყარო: 1არხი