“ცუდს არ უნდა შევეგუოთ, მეგობრებო, წინ გავიხედოთ” – თემურ ჭყონია საქალაქო სასამართლოსთან მივიდა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა, სადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ბიზნესმენმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში აღნიშნა, ლოგიკური დასკვნის გამოტანა რთულია იმის შესახებ, თუ რა ხდება და რას ედავებიან ახალგაზრდებს. მისივე თქმით, მუხლი, რითიც მათ ედავებიან არის „დაღუპვის მუხლი და ეს არ არის დასჯა“.
“ვერაფრით ვერ გამომაქვს ლოგიკური დასკვნა, მე თავად არ ვიცი, რა ხდება – ეს არის საზოგადოების პროტესტის მიმართ ჯიბრი, ვინ როგორ გაუძლებს, თუ სახელმწიფოს სიმტკიცეს აჩვენებენ, რომ თანამოქალაქეებს სჯიან იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ადამიანმა გამოხატა პროტესტი, სხვა არაფერი გაუკეთებია. პროტესტის გამოხატვის სიტუაცია კი შექმნა სახელმწიფომ“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, ახალი თუ არ ჩატარდა, პროტესტი გაგრძელდება და ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა.
„ეს ასე გაგრძელდება: ხალხი ქუჩაში, მსოფლიო დაიწყებს სანქცირებას, იზოლაციას, შეზღუდვებს… ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკას შეეხება. ამბობენ, ბიზნესი არ უნდა იყოს პოლიტიკაშიო, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკა შევიდა უკვე ბიზნესში, ეკონომიკაში და ამიტომ დღეს სამართლიანი სწორი შეფასების არგამოხატვა ნიშნავს იმას, რომ ეგუები რაღაც ცუდს. ცუდს არ უნდა შევეგუოთ, მეგობრებო, წინ გავიხედოთ!“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
ცნობისთვის, დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.