პუტინის გადაწყვეტილებით, სტამბულის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას კრემლის მთავარი იდეოლოგი, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ფასდება, როგორც „დემონსტრაციული დაცინვა“ და დასავლეთისთვის „სახეში სილის გაწვნა“: „მათ სურთ, მსოფლიოს აჩვენონ, რა მაგრები არიან“.
„ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ახლა შემიძლია, მთელი ღამეები, მარტოდმარტომ, მის ნაშრომებთან გავატარო“, – განაცხადა რუსული პროპაგანდისტული არხის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმერ მედინსკის შესახებ, რომელიც ვლადიმერ პუტინის დავალებით, ისევე როგორც 2022 წელს, უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას სტამბოლში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე. მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსი, ალექსანდრე დუგინი რუსეთის მომლაპარაკებელი გუნდის შემადგენლობას „ზღაპრულს“ უწოდებს.
კრემლის კრიტიკოსი პოლიტოლოგი, ანდრეი ნიკულინი გაცილებით ნაკლებად ეიფორიულია მედინსკის პერსონასთან მიმართებაში. ნიკულინი „დემონსტრაციულ დაცინვასა“ და დასავლეთისთვის „სილის გაწვნაზე“ საუბრობს და მიიჩნევს, რომ მთელი ეს ამბავი „ცუდი ხუმრობაა“.
„ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ მათი მიზანია ფუნდამენტური გარღვევის მიღწევა, პუტინის ხედვისა და მსოფლმხედველობის გატარება, დევიზით: „ვერსად გაგვექცევით, ვერ დაგვემალებით. ჩვენ თქვენ გადაგტეხავთ!“. მათ სურთ, მსოფლიოს და საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რა მაგრები არიან“, – ამბობს პოლიტოლოგი.
ლონდონში მოღვაწე პოლიტოლოგი, ვლადიმერ პასტუხოვი წერს: „პაზლი არ ეწყობა“. პუტინმა ომი და ესკალაცია არჩია: „დაკრძალვის ბიუროს თანამშრომლებს ქორწილებში არ აგზავნიან“. კრემლის მთავარი შეცდომაა იმის დაჯერება, რომ მომავალი ომიც ისეთივე იქნება, როგორიც წინა ომი იყო.
პროპაგანდისტი დანილ ბესონოვი რუსეთის დელეგაციაში მყოფ „რამდენიმე მაგარ ტიპზე“ საუბრობს და იცინის: „რას მოიტანს ეს შეხვედრა? – არაფერს. არაფერი შეიცვლება. ჩვენ ფორმალობას ვიცავთ და მასხრად ვიგდებთ კლოუნებს“.
ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი სამხედრო კომენტატორი („სპეცრაზმის მთავარანგელოზი“), რომელსაც 1,15 მილიონი გამომწერი ჰყავს, აშკარად შვებას გრძნობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად არ მოხდება: „ბევრი რამის თქმა შეიძლება წარსული გამოცდილების შესახებ, მაგრამ დღეს იმის თქმა შეგვიძლია, რომ ტორტზე მარწყვი ჩვენმა ხელმძღვანელობამ დაადო. მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთის პირობებით წარიმართება“.
ბლოგერი მიხაილ ზვინჩუკი („რიბარი“, 1,2 მილიონი გამომწერი) დელეგაციის ხელმძღვანელად მედინსკის დანიშვნას „შესანიშნავ არჩევანს“ უწოდებს და იწონებს იმას, რომ კრემლი თანმიმდევრულად უგულებელყოფს ზელენსკის წინადადებებს და უკრაინის პრეზიდენტი „ფაქტობრივად, სამხედრო დელეგაციის წინაშე წარსდგება“ და ასეთ შთაბეჭდილებას მხოლოდ დელეგაციაში რამდენიმე სამოქალაქო მოხელის ყოფნა „არბილებს“.
„ასეთ დელეგაციასთან თანაბარ პირობებში მოლაპარაკებაზე დათანხმება უკრაინისთვის დიპლომატიური დამცირება იქნება“, – ნათქვამია ერთ-ერთი ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერის კომენტარში, რომელსაც 600 000 გამომწერი ჰყავს.
ამის საპირისპიროდ, პოლიტიკური ბლოგერი მაქსიმ შაროვი აღნიშნავს, რომ სტამბოლში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებია დაგეგმილი, რაც არ გამორიცხავს, რომ კრემლმა მოგვიანებით უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლები გაგზავნოს და შეხვედრაზე თავად პუტინიც კი ჩავიდეს.
„კრემლმა გადაწყვიტა, ფრთხილად და ეტაპობრივად იმოქმედოს“, – ნათქვამია კიდევ ერთ გავლენიანი ბლოგერის პოსტში. მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, მედინსკის ყველაზე ნაკლები აქვს დასაკარგი, რადგან ის 2022 წელსაც ჩაიშალა. მაშინ რუსმა ულტრანაციონალისტებმა ის „კეთილი ნების ჟესტების“ გამო გააკრიტიკეს.
„რუსული დელეგაციის ეს შემადგენლობა ნიშნავს: „ზელენსკი, დანებდი! მხოლოდ უპირობო კაპიტულაცია გიხსნის“, – ასე შეაფასა პუტინის გადაწყვეტილება სანქტ-პეტერბურგში გამომავალმა გაზეთმა ფონტანკამ“. სტამბოლში, თითქოს, ტარდება ისტორიის გაკვეთილი თემაზე: „ბოლო სამი წელი საერთოდ არ ყოფილა“.
კრემლის მხარდამჭერი ერთ-ერთი „ტელეგრამ-არხის“ (414 000 გამომწერი) დასკვნა ასეთია: „დელეგაციის ეს შემადგენლობა იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ხანგრძლივი და, შესაძლოა, სრულიად წარუმატებელი მოლაპარაკებებისთვის ემზადება. კრემლს ესმის, რომ უკიდურესად რთული იქნება მოლაპარაკებების წინასწარი დღის წესრიგის შეთანხმებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევაზე“.
პუტინი ერთგულია თავისი ტაქტიკისა, ყოველთვის შეინარჩუნოს ინიციატივა, მაშინაც კი, თუ დაგეგმილი მოლაპარაკებები ამის გამო ჩაშლისთვის იქნება განწირული: „რუსეთი მზად არის ხანგრძლივი თამაშისთვის, დათმობებზე წასვლის ილუზიების გარეშე“.
1tv.ge
