ევროპული საქართველოს პოზიციით, “ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად “არა რუსულ რეჟიმს” უნდა იქცეს”.
“საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე პროტესტისა და დასავლელი მოკავშირეების მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, ჩვენი მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს.
მსგავსი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა აქტორებმა არ გაიმეორონ უახლეს წარსულში დაშვებული შეცდომები.
რუსული კანონის “გაკეთილშობილების” შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გამოსავლად წარმოჩენა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისე მოქალაქეთა ერთსულოვანი პროტესტის განწყობასა და სულისკვეთებას.
ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად საკვანძო მომენტში, მნიშვნელოვანია, პროცესის მონაწილე თითოეულმა ოპოზიციურმა აქტორმა გამოიჩინოს სიმტკიცე და პრინციპულობა და არ გადაუხვიოს იმ მოქალაქეთა მოთხოვნებსა და პოზიციებს, რომლებიც ერთ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყნის გარუსების მცდელობას.
რეჟიმის დაშოშმინების მიზნით, ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შესვლა მხოლოდ დააჩქარებს რუსული ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას საქართველოში და ხელს შეუწყობს ამ კანონის ამოცანების საბოლოოდ გაფორმებას.
არა რუსულ რეჟიმს” – აცხადებს ევროპული საქართველო.
ათი ათასობით მოქალაქის პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის და უცხოელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რუსული რეჟიმი რუსული კანონის საბოლოო, III მოსმენით მიღებას დღეს, 14 მაისს აპირებს. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოიყენებს.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 მაისს თქვა, რომ შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის ფარგლებში შეჯერდეს პოზიციები. მისი თქმით, არის ორი კვირა, 14-28 მაისის პერიოდში, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან.
“ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი… მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი… პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ, რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში…
[მზად ვართ ცვლილებებისთვის], რა თქმა უნდა, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას, მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი” – თქვა კობახიძემ.
პრემიერმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო ტენდენციები “კარგია” და “კონსტრუქციულობის ელემენტებს” ხედავს.
“მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს – ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება, იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აქ უკვე, პრინციპში, ჩვენი პარტნიორები, იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. თქვენ იცით, ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე, მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის. დისკუსიისთვის ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა” – თქვა კობახიძემ.
თუმცა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “კანონის გასაპატიოსნებლად” თამაშში შესვლას არ აპირებს.
“გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნება არის – ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი, ძალიან მარტივი, თქვენ თვითონ ძალაში ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ და გადაიტანეთ, გთავაზობთ, 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე ბინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის, ეს კანონი არის რაღაცა სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის და რას მოერგება.
ჩემი იმედი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაცა კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსული და, სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის მარტში მოქალაქეების პროტესტის შედეგად გაწვეული რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.