ბათუმი და თბილისი – ბოლო ორი დღეა, ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ცრუ განგაშია. ბომბის არსებობის შესახებ ზარი ერთმანეთის მიყოლებით შევიდა საჯარო სკოლაში, ხუთ სავაჭრო ცენტრსა და ბათუმის აეროპორტში.
ანონიმურმა სატელეფონო ზარმა ყველგან მუშაობის პარალიზება გამოიწვია, რასაცა ხალხის ევაკუაცია მოჰყვა, თუმცა ბომბი ვირტუალური აღმოჩნდა, ისევე, როგორც ქსელურ თამაშებში ჩართული პირების ომი. გეიმერების დაპირისპირების ინტერნეტიდან რეალურ სივრცეში გადანაცვლების მიზეზი შურისძიებაა.
შური კი საზღვარგარეთიდან, ქართველ არასრულწლოვან მოთამაშეზე მისი ტელეფონის ნომრის გამოყენებით იძიეს. “კურიერმა” გაარკვია, რომ ცრუ დასმენას წინ უძღოდა მოთამაშეებს შორის დაპირისპირება. სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. ბომბების შესახებ შეტყობინებები საქართველოში საერთაშორისო ქსელურ თამაშებში ჩართული პირების მიერ განხორციელდა.
მათი ნაწილის იდენტიფიცირება სუს-მა უკვე მოახერხა, ისევე, როგორც იმ ქართველი არასრულწლოვანის ვინაობის დადგენა, რომლის სახელითაც საქართველოს ორ დიდ ქალაქში ცრუ შეტყობინებები დაიგზავნა.
საუბარია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ-ქსელურ თამაშზე, რომლის სიუჟეტი მთლიანად მოწინააღმდეგის განადგურებაზეა აგებული. თამაშის მიხედვით, მონაწილეები დესანტირებას ახორციელებენ კუნძულზე, სადაც იარაღსა და სხვადასხვა აღჭურვილობას ეძებენ კონკურენტი ჯგუფის წევრების მოსაკლავად. საბოლოოდ, გადარჩენილი ჯგუფი ან მოთამაშე ხდება რაუნდის გამარჯვებული. დაახლოებით იმავე პრინციპზეა აგებული სხვა არაერთი ქსელური თამაში, რომელთა სიაც საკმაოდ ვრცელია.
ხშირად, მოთამაშეებს შორის ვირტუალურ სივრცეში დაწყებული დაპირისპირება რეალური მუქარით გრძელდება. ასე მოხდა ერთ-ერთი ქართველი არასრულწლოვნის შემთხვევაშიც. ირკვევა, რომ მოზარდისთვის პრობლემების შექმნის მიზნით, ქსელურ თამაშებში ჩართულმა პირებმა მისი სახელით საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები განახორციელეს. ზარის ავტორების იდენტიფიცირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა.
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება მიიღეს. სასწავლო დაწესებულებაში სამართალდამცველები და კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა, სკოლაში დღეს მოსწავლეების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა ცრუ შეტყობინებები განხორციელდა ბათუმში რამდენიმე სავაჭრო ცენტრშიც. სამართალდამცველებმა მომხმარებლების და თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელეს “მეტრო სითის”, “გრანდ მოლის”, “ბათუმი პლაზას” და “ბათუმი მოლის” შენობებიდან. პარალელურად, ნაღმს ეძებდნენ ბათუმის აეროპორტშიც, რის გამოც რამდენიმე ავიარეისი შეფერხდა.
ბათუმის გარდა, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სამიზნე გახდა სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისიც.” ცრუ შეტყობინება ამჯერადაც საერთაშორისო ქსელურ თამაშებში ჩართულ პირებს უკავშირდება.
ექსტრემიზმისა და ძალადობრივი მუქარების შესახებ შეტყობინებებს ხშირად იღებენ სხვა ქვეყნებშიც. ცოტა ხნის წინ, ნევადას შტატის პოლიციამ დააკავა 26 წლის გეიმერი, რომელმაც თამაშის წაგების შემდეგ სკოლის რამდენიმე მოსწავლეს მასობრივი მკვლელობის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა. მსგავს პრობლემას ებრძვიან ევროპის ქვეყნებშიც. გაერო, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები ამჟამადაც მსჯელობენ, თუ როგორ შეამცირონ ექსტრემიზმის გავლენა ქსელურ თამაშებში ჩართულ მოზარდებში.