ცოტნე ჯავახიშვილის დაუსრულებელი ფრენა

ბოლოს WhatsApp-ით ვეკონტაქტე. გამოცემისთვის “MEDSCRIPTUM”-თვის ინტერვიუ ვთხოვე. რამდენიმე წუთში ვიდეოზარით გადმომირეკა. სანამ სიახლეების მოყოლას მოვასწრებდი, კამერა შეაბრუნა და თავისი საფირმო, ბავშვური ღიმილით მითხრა: „ჩემი ჩაწერა რად გინდათ, სალომე ჩაწერეთ“. იქვე ინტერვიუზეც დაგვთანხმდა, რომელიც მის მოულოდნელ გაფრენამდე ვეღარ მოესწრო.

ასე გამაცნო სალომე ღვინეფაძე – როჩესტერის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მასთან კალიფორნიაში სტუმრად იმყოფებოდა. ეს იყო ცოტნე ჯავახიშვილი – მსოფლიო დონის მეცნიერი და ჩემი უახლოესი მეგობარი. იქვე დავპირდი, რომ სალომესთან არამხოლოდ ინტერვიუს ჩავწერდით, არამედ აუცილებლად ვითანამშრომლებდით. ორ წუთში Facebook-ზე ჩატი შექმნა, ორივე დაგვამატა და მოკლედ მოგვწერა: „სალომე/ანა კონტაქტ…“.

იმ დღეს უჩვეულოდ დაღლილი მომეჩვენა. ვიფიქრე, რომ უბრალოდ გადაიღალა. ბოლო პერიოდში ორ-სამ თვეში ერთხელ უწევდა ფრენა ორ კონტინენტს შორის – ამერიკიდან საქართველოში და უკან. აქაც გრანდიოზული, ეპოქალური გეგმები ჰქონდა, იქაც – მიმდინარე გლობალური კვლევები და უამრავი საქმე. მეც შევქმენი ჩატი, სადაც მარიკა სპარსიაშვილი და ეკა სარია ჩავამატე, რომ ინტერვიუს დროზე სწრაფად შევთანხმებულიყავით. ცალკე მომწერა: „მოგიბრუნდებით ცოტა ხანში. ოღონდ „ბატონოს“ მოეშვან, უთხარი…“.

საერთო ჩათში პასუხის დაბრუნება ვეღარ მოასწრო. ეს ჩვენი ბოლო საუბარი აღმოჩნდა. ზუსტად ორი დღის შემდეგ, მისმა პატარა თვითმფრინავმა Cessna-მ, რომელიც რამონას აეროპორტიდან აფრინდა, კავშირი დაკარგა და რადარებიდან გაუჩინარდა. მისი ფრენა წყნარი ოკეანის თავზე დასრულდა.

ეს სტატია ტრაგედიაზეა, ოღონდ არა მხოლოდ იმ პირად, მჭრელ კოშმარზე, რომელიც ცოტნეს გაუჩინარებას მოჰყვა, არამედ ჩვენი ქვეყნის დიდ ტრაგედიაზე. ახლა გვიწევს იმის გააზრება, თუ ვინ დავკარგეთ – უდიდესი ადამიანი, რომელიც იპყრობდა აბსოლუტურ მწვერვალებს მეცნიერებაში და ბოლო დროს განსაკუთრებულად აჩქარებდა დროს. ის ცდილობდა, საკუთარი უნიკალური ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოსთვის გლობალური კონკურენტული უპირატესობა შეექმნა.

ნაწილი I: მენტორი და შთაგონების წყარო — „სალომე ჩაწერეთ“

როგორც ცოტნესთან შევთანხმდით, ამ ნარატივს სალომეთი ვიწყებთ. სალომე ღვინეფაძე დღეს University of Rochester School of Medicine-ის სტუდენტია.

სალომე, როგორ გაიცანით ცოტნე ჯავახიშვილი და რა იყო თქვენი პირველი, ემოციური შთაბეჭდილება მასზე? ცოტნე პირველად აგრარულ უნივერსიტეტში ვნახე, როცა თბილისში ყოფნისას ბიოლოგიის სტუდენტებთან ლექციის წასაკითხად მოიწვიეს. მაშინვე წარუვალი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სუნთქვაშეკრული, აღტაცებით ვუსმენდით ამერიკიდან ჩამოსულ ქართველ ბიოლოგს, რომელიც თავის უახლეს კვლევებზე ასეთი გატაცებით გვიყვებოდა. იმ დღეს ცოტნე პირადად არ გამიცნია, მაგრამ მისი მოსმენა ჩემთვის უდიდეს პროფესიულ მოტივაციად იქცა.

COVID-19 პანდემია რამდენიმე თვის დაწყებული იყო, როცა ჩემმა ჯგუფელმა ანასტასიამ მითხრა, რომ ახალი მოლეკულური სადიაგნოსტიკო ლაბორატორია იხსნებოდა, სადაც ბიოლოგებს ეძებდნენ. სიამოვნებით დავთანხმდი. მალე გაირკვა, რომ ამ სრულიად ახალი ეკოსისტემის, „გენომიქსის“ ერთ-ერთი სულიერი და სამეცნიერო ხელმძღვანელთაგან სწორედ ცოტნე იყო. ჩვენი პირველი ოფიციალური გასაუბრება ფეისბუკ-ზარით შედგა. „ბატონო ცოტნეთი“ მიმართვა, რა თქმა უნდა, თავიდანვე კატეგორიულად ამიკრძალა. ჩვენი ზარი, რომლისთვისაც უდიდესი ღელვით ვემზადებოდი, სულ რაღაც ორ-სამ წუთში გაწყდა. მოგვიანებით მითხრა: პირველ ათ წამში ვიგებ ადამიანზე ყველაფერს, რაც საჭიროაო.

ვიდეოზარიდან რამდენიმე თვეში ცოტნე თბილისში ჩამოვიდა. ველოდი, რომ ფორმალურად შეგვახვედრებდნენ და ვეტყოდი: „გამარჯობა, მე სალომე ვარ…“. „გენომიქსში“ საღამოს ცვლაში ვმუშაობდი და ტესტების შედეგებს ველოდებოდი. უცებ დერეფანში ცოტნემ ჩაიარა, ჩვენი ოთახისკენ გამოიხედა, ხელი დამიქნია და გამიღიმა: „ჰეი, სალო!“ – თითქოს მთელი ცხოვრებაა, დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. მერე დაიწყო პატარ-პატარა შიდა სემინარები, „საავტორო გაკვეთილები“ მხოლოდ ჩვენთვის, ექსპერიმენტები სტანდარტული საქმიანობის მიღმა და ღრმა სამეცნიერო განხილვები. ზოგჯერ, დღის ბოლოს, რამე ურთულეს ამოცანას ან გამოცანას დაგვიტოვებდა მოლეკულურ ბიოლოგიაზე და ჩვენც ბავშვური აზარტით, დასწრებაზე ვიყავით – ვინ გასცემდა პასუხს პირველი. როცა თბილისში არ იყო, ღამის სამ-ოთხ საათზე იღვიძებდა, რომ სან-დიეგოდან დისტანციურად დასწრებოდა ჩვენს ლაბორატორიულ შეხვედრებსა თუ პრეზენტაციებს.

ვრცლად