ცოტნე კობერიძის თქმით, სახლთან ელექტროშოკებით დახვდნენ

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი აცხადებს, რომ სახლთან, გაჩერებაზე, ელექტროშოკებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი დახვდა.
„სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტრო შოკებით. ეცადნენ ცემას – ვერ შეძლეს. ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში“, — დაწერა კობერიძემ სოციალურ ქსელში.
კობერიძე თავდასხმის მცდელობას მის მიერ „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიტო სამხარაძის კრიტიკას უკავშირებს.
„ყურსასმენები მეკეთა და ვხედავ, რომ ორი ადამიანი იგინება. მოვიხსენი, მე მაგინებს და ელექტროშოკები უჭირავთ ხელში. არ დავიბენი, გავხტი-გამოვხტი. დავუწყე გინება. ირგვლივ ხალხმაც რომ დაინახა, რა ხდებოდა, ბევრი ადამიანი მოვიდა. ერთი პირი, რომელიც ჩემზე თავდასხმას აპირებდა, წაიქცა, წამოხტა, გავეკიდე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოჰყვა „მთავარ არხზე“ ჩემს ეთერს, სადაც დიტო სამხარაძეზე ვისაუბრე“, — განაცხადა კობერიძემ „ტვ პირველთან“.
კობერიძე დიტო სამხარაძეს დებატებში იწვევს.
„სამხარაძემ იცის, რომ მე ენით ისე შემიძლია ვატკინო, დავაზარალო, რომ სხვას ვერ ფიქრობს, მოიყვანა ეს ადამიანები, რომ მცემონ. ან უნდა მომკლა, ისე მცემო, ან წლობით უნდა დამიჭირო, სხვანაირად ჩემი გაჩერება შეუძლებელია. მინდა ვუთხრა დიტო სამხარაძეს, მოვიდეს, დამიჯდეს ეთერში და ხომ კარგად იცის, რომ სახის ძვალს ავახევ, ჯიბეში ჩავისვამ და არ ამოვიყვან. დაწერილი ტექსტები იკითხოს და მაინც სახეს ავახევ“, — განაცხადა კობერიძემ.