ვუნდერკინდი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის სასამართლო დავა დასრულებულია.საერთო სასამართლოებში დასრულდა ახალგაზრდა კომპოზიტორ ცოტნე ზედგინიძისა და მისი არასრულწლოვანი დის, ნინო ზედგინიძის საკითხზე წარმოებული მრავალწლიანი დავა, რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრა ბავშვების საცხოვრებელი ადგილი, მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხები, ბავშვების ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და ცოტნე ზედგინიძის შემოქმედებითი განვითარების გარანტიები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სრულად იქნა დაკმაყოფილებული ცოტნე და ნინო ზედგინიძეების კანონიერი ინტერესები და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მყარად დადგინდა მათი სამომავლო ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საქმეზე ადვოკატირებას 2020 წლიდან ახორციელებს.„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ბებიის – ნინო მამრაძის საცხოვრებელი ადგილი. მამის თანხმობის გარეშე, განათლების, შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისა და დასვენების მიზნებიდან გამომდინარე, ნინო მამრაძეს მიენიჭა უფლება აიღოს ბავშვების პასპორტი, ბავშვები დროებით გაიყვანოს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ და დააბრუნოს საქართველოში. მამის თანხმობით, ნინო მამრაძეს, ბავშვების კანონიერი ინტერესების განხორციელების მიზნით, მიენიჭა უფლება განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კერძო და საჯარო იურიდიულ პირებთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის ნინო მამრაძეს მიენიჭა გარიგებებზე ხელმოწერის უფლება და არასრულწლოვანების სახელზე ნებისმიერი დანიშნულების მქონე თანხის, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს სტიპენდიას, ჰონორარს, საჩუქარს, შრომით ანაზღაურებას, განკარგვის უფლება. ამასთან, აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეთანხმებული პირობაც და მამა – გიორგი ზედგინიძემ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შვილებს ჩუქების ხელშეკრულებით, თანაბარწილად საკუთრების უფლებით გადასცა კუთვნილი თანასაკუთრების უფლება ორ უძრავ ქონებაზეც. ამასთან, ნინო მამრაძემ უარი თქვა მამის მიმართ საალიმენტო ვალდებულების სასარჩელო მოთხოვნაზე.თავის მხრივ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მამას არასრულწლოვან შვილებთან საქართველოში ყოფნის პერიოდში განესაზღვრა შეუზღუდავად, მათ შორის ზაფხულის არდადეგებსა და სხვა შემთხვევებში, ღამის თევით წაყვანის უფლებით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მამის საქართველოში არყოფნის პერიოდში, არასრულწლოვნებთან ურთიერთობა განისაზღვრა სატელეფონო კონტაქტის ან/და საკომუნიკაციო საშუალების გზით. ნინო მამრაძემ ასრულებს აღებულ ვალდებულებას და მამის მიმართ გადაცემულია სრული ინფორმაცია ბავშვებთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის შესახებ, რაც შეეხება მათ განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას, დასვენებას, ყოფითი საკითხების გადაჭრის/მოგვარების საჭიროებებს. ცოტნე ზედგინიძის მიმართ მოწვევის მიღებას, საქართველოში ან საზღვარგარეთ რომელიმე პირისგან ამა თუ იმ კონცერტში/ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას, არასრულწლოვნებთან მიმართებაში წარმოშობილ საზღვარგარეთ გამგზავრებისა და საზღვარგარეთ ყოფნის საჭიროებებს.თითოეული მხარემ აიღო ვალდებულება არასრულწლოვნების ფსიქო- ემოციური მდგომარეობის განსაკუთრებული დაცვისა და უზრუნველყოფისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აკრძალულია ნებისმიერი სახის მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს რომელიმე მხარის მიმართ ნეგატიური, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. მხარეები, მათი სოციალური შესაძლებლობებით, ერთობლივად და დამოუკიდებელი მონაწილეობით, სრულად ზრუნავენ არასრულწლოვნების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვნების განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური აღზრდის, შემოქმედებითი განვითარების უფლების რეალიზებასთან, რაც, ასევე უნდა გამომდინარეობდეს არასრულწლოვნების ნებიდან და ობიექტური საჭიროებიდან. ამასთან, მხარეებმა აიღეს ვალდებულება უარი თქვან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, სოციალური მედიის გამოყენებით ერთმანეთის შესახებ ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის გავრცელებაზე, ისევე, როგორც ერთმანეთის თანდასწრებით, არასრულწლოვანთა მიმართ ერთმანეთის შესახებ ნეგატიური შეფასებების ან/და მამხილებელი დამოკიდებულებებისგან.„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილება, პირობები და შეთანხმების დღემდე შესრულების ფაქტი ადასტურებს მხარეთა რეალურ მიზანს – დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესები. ორგანიზაცია დადებითად აფასებს მამის – გიორგი ზედგინიძისა და მისი წარმომადგენლების ძალისხმევას წარმოდგენილი პირობების უზრუნველყოფისა და ბავშვებზე ორიენტირებული უკეთესო გარემოს შექმნისთვის. აღნიშნულის პირდაპირი გამოხატულებაა ახალგაზრდა კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინძის შემოქმედების წარმატება, საერთაშორისო აღიარება, მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ღონისძიებებსა და ახალი კომპოზიციების შექმნის პროცესი. დაძაბული სამართალწარმოების დროს, სასამართლოს ცხრაჯერ – 2021 წლის 20 სექტემბერს, 2021 წლის 8 ნოემბერს, 2022 წლის 31 მაისს, 2022 წლის 28 ივნისს, 2023 წლის 23 თებერვალს, 2023 წლის 17 მარტს, 2023 წლის 4 მაისს, 2023 წლის 13 ივნისსა და 2023 წლის 13 ივლისს მოუხდა ცოტნე ზედგინიძის საერთაშორისო ღონისძიებებში გამგზავრებასთან დაკავშირებით მამის თანხმობის (მონაწილეობის) გარეშე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ნინო მამრაძის მიმართ ნებართვის მიცემა ასეთი გადაადგილებების უზრუნველსაყოფად, რაც მძიმედ აისახებოდა ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლე ლელა ჭინჭარაულმა მიიღო. ვიდრე სამოქალაქო სამართალწარმოება დასრულდებოდა, სასამართლო განიხილავდა კიდევ ერთ სარჩელს, რომელიც შეეხებოდა მამის განცხადებას ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, შვილების 9 თვის განმავლობაში ბებიის საცხოვრებელი სახლიდან განცალკევების, მამიდის ოჯახში განთავსებისა და ბავშვების ბებიასთან კომუნიკაციის შეზღუდვის თაობაზე, რაც არც თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე: ირინა გოგოლაძე) და არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი) არ დააკმაყოფილა.ცნობისთვის: ნინო მამრაძის კანინიერი ინტერესები საერთო სასამართლოებში, ორგანიზაციის გუნდან ერთად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიკერძოების მხილების შედეგად, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას საჩივრით მიმართეს და ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის ჩამორთმევა მოითხოვეს. სააგენტოს დასახელებულმა პირებმა ცილისწამებლურ კამპანიაში ჩართეს სააგენტოს სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული 10-ზე მეტი თანამშრომელი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ საჩივრები, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა.„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისა და დავის მიმდინარეობის განმავლობაში, არასრულწლოვანთა ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის. ორგანიზაცია მადლობას უხდის სასამართლოს, რომელიც პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის არაერთი კრიტიკული ქცევის მიუხედავად, არ აღმოჩნდა ზეწოლის წინაშე და შესძლო ბავშვზე მორგებული მართლმსჯაულების განხორციელება. ორგანიზაცია მადლობას უხდის ქალბატონ ნინო მამრაძეს, შესანიშნავ პედაგოგს და გამორჩეულ ინტელიგენტს პროფესიული ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ცოტნე ზედგინიძისა და ნინო ზედგინიძის ინტერესების დაცვა ჩვენთვის იყო უაღრესად დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, რადგანაც თავის მხრივ, ნებისმიერი ბავშვი საუკეთესოა, ცოტნე ზედგინიძის სახით კი, საქართველოს ჰყავს ვირტუოზი და გამორჩეული ხელოვანი, ახალი მოცარტი, როგორც მას მსოფლიო მუსიკალურ წრეებში დამსახურებულად უწოდებენ.



