სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა 2023 წლის 26 ნოემბერს, რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში უზრუნველყო გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რის შემდეგაც ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სამართალდამცავი დავაკავეთ” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.