ცნობილი ხდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულთა ნაწილის ვინაობა

ცნობილი ხდება, რომ თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ არაერთი მომიტინგე დააკავა.
რიონის ხეობის მოძრაობის ფეისბუკ გვერდის ლაივში გამოჩნდა, რომ რამდენიმე პოლიციელმა დააკავა ვარლამ გოლეთიანი. მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ის პოლიციამ ან იზოლატორში გადაიყვანა, ან სამინისტროს ეზოში შეიყვანეს.
მაისის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, დაკავებულია მათი წევრი საბა ქერქაძე, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრები: გელა ქეთელაური, ნუგზარ გოდოლაძე.
“მაუწყებლის” ინფორმაციით, დაკავებულია მათი ჟურნალისტი რატი რატიანი, რომელიც ადგილზე ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა.
ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში პოლიცია 2 მუხლის შესაბამისად აკავებს ხოლმე აქტივისტებს ადმინისტრაციული წესით: 166 და 173. აქედან ერთი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას, ხოლო მეორე წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მსგავსი საქმეები, როგორც წესი სასამართლოებში ფულადი ჯარიმებით სრულდება.
პოლიცია დაუპირისპირდა რაჭის პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კარვის გაშლას ცდილობდნენ.
დაპირისპირება აქციის მონაწილებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ამბროლაურიდან ჩამოსულ მომიტინგეებს სამართალდამცველები არ აძლევდნენ სამინსიტროს ეზოში შესვლისა და კარვის გაშლის უფლებას.
ვარლამ გოლეთიანი, მაკა სულაძე და სხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან საღამოს ჩამოვიდნენ. მოძრაობის წევრებმა მსვლელობა ამბროლაურიდან 18 ნოემბერს დაიწყეს და დაასრულეს მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს