ცნობილი გახდა მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა მეთიუ პერის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა.
როგორც კვლევაში წერია, მსახიობის სიკვდილის მიზეზი “კეტამინის მწვავე ეფექტები” გახდა. ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელებულია წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი. გარდაცვალებას ანგარიშში “უბედურ შემთხვევას” უწოდებენ.
კეტამინი ძლიერი ტრანკვილიზატორია, რომელსაც შავ ბაზარზე ნარკოტიკად მოიხმარენ. ბუპრენორფინი კი მედიკამენტია, რომელსაც ოპიოდების მოხმარებით გამოწვეული აშლილობების სამკურნალოდ იყენებენ.
მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, Friends-ის ვარსკვლავი საკუთარ აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.