ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს – “საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს.
რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან – “ევროპის სახალხო პარტიის”, “სოციალ-დემოკრატების” “კონსერვატორებისა და რეფორმისტების” , “განახლების” და “მწვანეების”.
რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი:
“გმობს “ქართული ოცნების” “ოფიციალურ პირებს” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესირება;
ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ოფიციალური პირები ამჟამად არღვევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, საბაზისო ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიული რეფორმების ათწლეულებს, რასაც წინ ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება უძღვებოდა;
საქართველოს “ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის მიერ დაპყრობილ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
არ აღიარებს “ქართული ოცნების” პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებს, არ აღიარონ “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა; [ევროპარლამენტი] შესაბამისად, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს;
აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით”.
ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ “საქართველოში ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს”.
„მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობა აშკარად დამოკიდებული გახადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი თარიღის დანიშვნაზე და მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება;
მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით] ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს, და ყველა მისი აქტივი გაყინონ ევროკავშირში მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, დემოკრატიული უკუსვლის დაშვებაში და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებაში;
მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და მას პირადი სანქციები დაუწესოს;
[ევროპარლამენტი], ამ მხრივ, მიესალმება ესტონეთი, ლატვიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის მიერ ორმხრივად მიღებულ სანქციებს, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ უკვე მიღებულ [სანქციებს];
მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით] ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოში ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, და “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს;
[ევროპარლამენტი] მოუწოდებს მათ, გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფებზე, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, და ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, მათ შორის “იმედი ტვ”, “პოს ტვ” და “რუსთავი 2 “ – მათი როლისთვის დეზინფორმაციის გავრცელებასა და მცდელობებისთვის მოახდინონ საჯარო დისკურსის მანიპულაცია, რათა შეინარჩუნონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობა”, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
ასევე რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი:
„მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტის გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ აქტორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის, სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.
ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის პირობებისთვის;
იმეორებს ევროკომისიისა და საბჭოსადმი თავის მოწოდებას, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით თუ ჩათვლილ იქნება, რომ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის;
გმობს 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ გამოყენებულ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს;
მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პატიმრისა და მათ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ, ვინც ანტი-სამთავრობო პროტესტების დროს დააკავეს;
მოითხოვს ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც ახლა ოთხ კვირაზე მეტის შიმშილობს მისი უკანონო დაკავების გამო და კრიტიკული, შეუბრუნებელი და სიცოცხლისადმი საფრთხის შემცველი რისკების წინაშე დგას;
გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაზე თავდასხმასა და ცემას, რამაც მისი ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია, რასაც მოყვა 2025 წლის 2 თებერვალს პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებები, მათ შორის ნიკა მელია და გიგი უგულავა, რაც სახელმწიფოს მიერ მართული ძალადობის შოკისმომგვრელი ესკალაციაა “ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ;
გვახსენებს 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში ელენე ხოშტარიას დაკავებას”, – წერია რეზოლუციის პროექტში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/snapshot-4-1739381939-300x169.webp)