ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შენდება – პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება $110 მილიონ დოლარს შეადგენს და ის ქართული კომერციული ბანკების ერთობლივი სინდიცირებული სესხით შენდება. ამ სესხში მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “საქართველოს განვითარების ფონდი” (DFG), რომელიც ყოფილი “საპარტნიორო ფონდია”.
ფონდის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, აღნიშნული კრედიტის ხანგრძლივობა 7 წელს შეადგენს:
“2024 წელს ფონდმა გასცა 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი 8.69% პლუს 6 თვიანი SOFR საპროცენტო განაკვეთით და 84 თვის ვადით,”- ნათქვამია DFG-ის ფინანსურ ანგარიშში.
ქარხნის პროექტს “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს, რომელიც ბიზნესმენ მაკა ასათიანის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. მისი განცხადებით, 2025 წლის გაზაფხულზე ქარხანა პირველი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.
