ცნობილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 5 კანდიდატი

ცნობილია ის ხუთი კანდიდატი, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შეიტანეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე.
დღეს შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს.
კომისიის წევრის თამარ ლალიაშვილის განცხადებით, კონკურსანტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები უკვე გაწერილია, ეს კრიტერიუმები ემთხვევა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მოსამართლეთა თანამდებობებზე გამწესების კრიტერიუმებს. ეს არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, რომელიც ასევე მოხვდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მოსამართლესთან მიმართებით და კომისიაც სწორედ ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობთ.
„მეორე კრიტერიუმი ეს არის კონკურსანტის პროფესიონალიზმი, ანუ კვალიფიკაცია. ეს ორივე კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ამ პროცესში შეფასებისას გამოყენებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ასევე მნიშვნელოვანია მედეგობა, ზეწოლებზე გამძლეობა, დამოუკიდებლობა“, — განაცხადა თამარ ლალიაშვილმა.
კომისიის წევრის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელ გურამ იმნაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცენტრალური ინსტიტუტია მართლმსაჯულების სისტემაში, შესაბამისად, საბჭოს წევრების შერჩევას გავლენა აქვს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, 21 ივნისს შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ.
კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს. გასაუბრების ტრანსლირება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით მოხდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები გაუწევენ მონიტორინგს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა