ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის საჭიროებაზე ბიზნესი წლებია საუბრობს. მით უმეტეს ისეთ ბაზრებზე როგორიც ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც კონკურენციაც მაღალია და პროდუქტის მიმართ მოთხოვნების ჩამონათვალიც დიდია. მიუხედავად გამოწვევებისა ქართული ღვინო ევროკავშირის ბაზრებზე იყიდება, თუმცა მცირე რაოდენობით.
კომპანია “თბილღვინოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ქართული ღვინო ევროპის სუპერმარკეტებში იქამდე ვერ გაიყიდება, ვიდრე შესაბამისი მოთხოვნა არ იქნება. მისი თქმით, მოთხოვნას ცნობადობა აჩენს, რომელიც ქართულ პროდუქტს ჯერ ისევ აკლია.
ზურაბ მარგველაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ქართულმა ღვინომ ევროპის ბაზარზე როგორც მაღალი კატეგორიის, ძვირადღირებულმა პროდუქტმა უნდა დაიმკვიდროს ადგილი, რის შემდეგადაც დაბალი ღირებულების ღვინოზე მოთხოვნა მარკეტებში თავისთავად გაჩნდება.
“ცნობადობა ძალიან დაბალი გვაქვს, შესაბამისად, ძალიან დაბალია მოტივაცია სუპერმარკეტების, რომ ნაკლებად ცნობადი ქვეყნიდან ღვინო დაიდოს მაღაზიაში თაროზე, იმიტომ რომ იმ თაროზე მათ უდევთ ისეთი ქვეყნის პროდუქცია, რომლის ცნობადობაც ძალიან მაღალია და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც არის დიდი და დახლზეც ეს ღვინოები დიდხანს არ ჩერდება.
ქართული ღვინის მომავალი არის რომ მაღალი კატეგორიის ღვინოებში დავიმკვიდროთ ადგილი და ჩვენი არც თუ ისე დიდი სავენახე ფართებიდან გამომდინარე, არ ვიფარგლებოდეთ დაბალფასიანი ღვინოების წარმოებისთვის სუპერმარკეტებით. ჩვენ უნდა დავიმკვიდროთ ადგილი ყველაზე მაღალ, რეპუტაციულ და სასურველ, ფინანსურად სტაბილურ ბაზრებზე. ეს რეპუტაცია როდესაც შეექმნება ქართულ ღვინოს მერე შედარებით ნაკლებად ძვირიანი, მაგრამ ამავდროულად ხარისხიანი ღვინოები ამ ქვეყნების სუპერმარკეტებშიც გახდება მოთხოვნადი”,- ამბობს “თბილღვინოს” დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი BMG-სთან.
