„ქართული ოცნება“ აპირებს დასაჯოს 10-დან 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და „რეაბილიტაციის“ სახელით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელსაც ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ.
ბავშვთა უფლებადამცველები ამ ინიციატივას აპროტესტებენ და მიიჩნევენ რეპრესიულად, რადგან მათი განცხადებით, 14 წლამდე ბავშვი სამართლებრივად ვერ ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან კანონით მათთვის ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ინიციატივით კი „ოცნების“ პარლამენტი ბავშვების სისხლის სამართლის წესით დასჯის მექანიზმს ქმნის.
ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის უფლებათა კოდექსთან, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან, სისხლის სამართლის კოდექსთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან.
თამარ გაბოძე
ამ საკითხზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, თამარ გაბოძეს ესაუბრა, რომელიც წლებია ბავშვთა უფლებებს იცავს სასამართლოში.
· ქალბატონო თამარ, გვინდა კარგად ავუხსნათ საზოგადოებას, რას უპირებს „ქართული ოცნება“ ბავშვებს ამ ინიციატივით?
დაანონსებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომლებიც არიან 10-დან 14 წლამდე და პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დაიწყება ამ ბავშვების მიმართ გარკვეული პროგრამები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ბავშვის დახურულ დაწესებულებაში გადაყვანას.
ეს ინიციატივა თავისთავად უკვე არის პრობლემა, რადგან 14 წლამდე ბავშვი ვერ ჩაიდენს დანაშაულს, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი.
ბავშვს ამ პასუხისმგებლობას დააკისრებენ „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“, მხოლოდ პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, რომ ბავშვმა, მათი გაგებით, ჩაიდინა დანაშაული.
14 წელს მიღწეული ბავშვების და სრულწლოვანების შემთხვევაში კი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არ არის საკმარისი – გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტი, მანამდე ადამიანი მიიჩნევა უდანაშაულოდ.




