ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიციის დევნილი ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია, რომელიც 2020 წლის შემდეგ ქვეყნის გარედან ებრძვის ლუკაშენკოს მთავრობას, მოსახლეობას და მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს თავი შეიკავონ პროტესტისგან და არჩევნებში მონაწილეობისგან.
„ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია საპროტესტო აქციების დაშვება, ოთხი წლის განმავლობაში ადამიანები სასტიკი რეპრესიების სამიზნე არიან. ვთხოვ მოქალაქეებს თავი არ გაწირონ“, – ამბობს ციხანუსკაია.
დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი დაგეგმილ არჩევნებს “რიტუალს” უწოდებს, რომელიც მისი თქმით ლუკაშენკოს „ყალბი“ ლეგიტიმაციისთვის არის შექმნილი. აქვე ციხანუსკაია არ გამორიცხავს, რომ ბელარუსში ადამიანების დიდ ნაწილს მთავრობამ არჩევნებში მონაწილეობა აიძულოს და მოუწოდებს მათ საარჩევნო ბიულეტინები გადახაზონ.
ციხანუსკაიას ამ განცხადებას წინ უსწრებდა, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გამოვლინებების“ თავიდან ასაცილებლად სამართალდამცავები სპეციალური გადამზადების კურსს გაივლიან.
70 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის სათავეში 1994 წლიდან იმყოფება, 2020 წლის შემდეგ ლუკაშენკო პუტინის კიდევ უფრო ახლო მოკავშირე გახდა და ამჯერად მეშვიდე ვადით გეგმავს ხელისუფლებაში დარჩენას.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მალევე შეფასდა როგორც გაყალბებული არჩევნები, მოსახლეობაში პროტესტის მიზეზი გახდა. ათასობით ადამიანი თვეების განმავლობაში აპროტესტებდა გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა საპოლიციო ძალებმა ათასობით ადამიანი დააკავა, უფრო მეტის კი დევნა დაიწყეს.
ბრალდებებს ემიჯნება ლუკაშენკო, ის ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. „მე არ ვწყვეტ ვიყო თუ არა ხელისუფლებაში… ხალხმა მანდო ეს მაღალი თანამდებობა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს 2023 წლის ივლისში.
სვეტლანა ციხანუსკაია, რომელიც ოპოზიციური ძალების ლიდერად მიიჩნევა, იძულებული გახდა 2020 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. ის ლიეტუვაში ცხოვრობს და დისტანციურად ცდილობს, როგორც თავად ამბობს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ციხანუსკაია დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისგან ბელარუსის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას და არჩევნების არაღიარებას ითხოვს.