ჰოლანდიურმა კომპანია Surfshark-მა 2023 წლის ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო ამ რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა და, გასული წლის 67-ე ადგილიდან, წელს 65-ზე გადაინაცვლა. ამ შედეგით ის კავკასიის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე წინაა (სომხეთი 69-ზე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 74-ზე). ამავე რეიტინგის მიხედვით, ციფრული ცხოვრების ხარისხის მიხედვით საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში (რუსეთი 53-ე პოზიციაზეა, თურქეთი – 55-ზე, უკრაინა – 46-ზე).
ციფრული ცხოვრების ხარისხის რეიტინგში საფრანგეთი ლიდერობს, რომელიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობით პირველ ადგილზეა. ხუთეულშია – ფინეთი, დანია, გერმანია და ლუქსემბურგი.
რეიტინგი 121 ქვეყანას ხუთი ძირითადი ინდიკატორის საფუძველზე აფასებდა. ესენია: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა; ინტერნეტის ხარისხი; ელექტრონული ინფრასტრუქტურა; კიბერუსაფრთხოება; სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაცია.
ქვეყნების ათეული, სადაც ციფრული ცხოვრების ხარისხის ყველაზე მაღალი ინდექსია, ასე გამოიყურება:
1.საფრანგეთი
2.ფინეთი
3.დანია
4.გერმანია
5.ლუქსემბურგი
6.ესპანეთი
7.ესტონეთი
8.ავსტრია
9.შვეიცარია
10.სინგაპური