ციფრები ამას იძახის, რომ 2025 უნდა იყოს ძალიან კარგი ტურისტული წელი – მაია ომიაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია ომიაძეს პოზიტიური მოლოდინები აქვს და ამბობს, რომ მიმდინარე წელი “ძალიან კარგი ტურისტული წელი იქნება”.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიებაზე – “ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები”, ბიზნესის წარმომადგენლებმა გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნეგატიურ გავლენებზე.
შეხვედრის შემდეგ, BMG-მ მაია ომიაძეს ჰკითხა, არსებული გამოწვევების ფონზე, რის საფუძველზე ელის ზრდას 2025 წელს, რაზეც მაია ომიაძემ აღნიშნა, რომ ამაზე ციფრები, ფრენებზე მოთხოვნა და ჯავშნები მეტყველებს.
“2025 წლის პროგნოზი რა თქმა უნდა, გარკვეულ დაშვებებზე გვაქვს გაკეთებული. მათ შორის, მსხვილი დოზა ამაზე მოდის ფრენები, ფრენების სიხშირე, უკვე ჯავშნები რასაც ველოდებით და ციფრები ამას იძახის, რომ 2025 წელს უნდა იყოს ძალიან კარგი ტურისტული წელი. რაც შეეხება ბაზრებს, გვაქვს პირველადი ბაზრები, რომელიც გულისხმობს იმ ქვეყნებს, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს, ესაა ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები, ყურის ქვეყნები, , ინდოეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, სადაც მარკეტინგის ბიუჯეტის 90%-ის დახარჯვას ვგეგმავთ. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიდგომა ახალი ბაზრების და ტურიზმის მიმართ ყოველთვის იყო დივერსიფიკაცია. ამან ძალიან ბევრჯერ, გარკვეული კრიზისის დროს, სექტორს ხელი შეუწყო”,- განაცხადა მაია ომიაძემ.