ხელოვანი, რომელიც ქართული თეატრის არაერთი გამორჩეული და ლეგენდარული სპექტაკლის მხატვარია – „კავკასიური ცარცის წრე“, ჯაყოს ხიზნები“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „დონ ჟუანი“, „ქალი-გველი“ და მრავალი სხვა. მან შექმნა კოსტიუმები და დეკორაციები მსოფლიოს წამყვანი თეატრებისთვის. დღეს თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლას ხელმძღვანელობს (გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა) და ასწავლის საკუთარი სისტემით, რომელსაც ის ამერიკაში, დარტმუთის კოლეჯში იყენებდა. ბატონი გოგი ალექსი-მესხიშვილი კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ და სხვების გაკრიტიკებაც შეუძლია, თუკი ეს საქმეს სჭირდება.
– სკოლა არ მიყვარდა და ცუდად ვსწავლობდი. წერა-კითხვა სახლში ვისწავლე, კითხვასაც ოჯახში მიმაჩვიეს და ა.შ. ასე რომ, განათლება სახლში მივიღე. სკოლა ძლივს დავამთავრე. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემ დროს ბრწყინვალე პედაგოგები იყვნენ – განათლებულები და დიდი მხატვრები: ზურა ნიჟარაძე, ვასილ შუხაევი, სერგო ქობულაძე, კორნელი სანაძე… ბევრი რამ მოგვცეს, თითოეული მათგანი პიროვნება იყო. ძალიან გატაცებული ვიყავი ხატვით, ფერწერით და საერთოდ, ჩვენ კურსზე ყველა სტუდენტი მშრომელი იყო. დღეს სამხატვრო აკადემიაში სტუდენტების მიერ გატარებული 4 წელი დაკარგული დროა, არაფერს ასწავლიან…
– ამის მიზეზად რა მიგაჩნიათ?
– განათლების სისტემა აბსოლუტურად უვარგისია. უნდა შეიცვალოს, ისე კი არა, როგორც მთავრობა ცვლის. არსებობს კარგი მოდელები და იმას უნდა გავყვეთ. მსოფლიოში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე ვართ. იცით, ვინ არის პირველ სამეულში? – ესტონეთი, რომლის მოსახლეობა მთლიანად, თბილისში მცხოვრებთა რაოდენობას ოდნავ აღემატება. იქ მიმუშავია და ვიცი, რომ მათი შექმნილი განათლების სისტემის შედეგად, ბევრ დარგში მოწინავეები გახდნენ. ცვლილებები ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული. და აქ ვინ წყვეტს საკითხებს – გაუნათლებელი ხალხი, სამარცხვინოა.
ქვეყანას თავისი სახე ჰქონდა, საბჭოთა კავშირის დროს წამყვანი რესპუბლიკა ვიყავით კულტურის სფეროში. სპექტაკლების გასინჯვებზე ცეკადან მოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ ჩვენთან ბევრად რბილი პოლიტიკა იყო, ვიდრე მოსკოვში. იქ უკვირდათ: როგორ დადგით „რიჩარდ III“, როგორ გადაიღეთ „მონანიება“, ან „ცისფერი მთები“ და ა.შ. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ სისტემა იყო კარგი, რესპუბლიკაში უფრო მეტი თავისუფლება გვქონდა. ბროდსკის აქვს ნათქვამი: „იმპერიაში თუ ცხოვრობ, სჯობს პროვინციაში, ზღვისპირას იცხოვრო“. ზუსტად ერგება იმ სიტუაციას. გვყავდა ბევრი ნიჭიერი პოეტი, მწერალი, რეჟისორი, მხატვარი… დღეს ხელოვნებას მძიმე პერიოდი აქვს.
– თქვენი სკოლა ათ წელზე მეტია არსებობს, გაამართლა მოლოდინები?
– სამხატვრო აკადემიას ამთავრებენ და ჩემთან მოდიან, იქ რაც უნდა ესწავლათ, აქ სწავლობენ. განათლებაზე არავინ ფიქრობს, მარტო ის უნდათ, რომ სკამზე თბილად ისხდნენ. როცა რაიმე საქმეს ხელმძღვანელობ და ცოდნა გინდა გადასცე სხვას, პასუხისმგებლობაც უნდა გაგაჩნდეს. მკაცრი უნდა იყო, თითოეული სტუდენტის შესაძლებლობას და მათ თვისებებს უნდა დააკვირდე. ზოგს პირდაპირ ვეუბნები – ეს არ არის შენი საქმე და დროს ტყუილად ხარჯავ-მეთქი. აი, ერთი წავიდა ამასწინათ. კურსდამთავრებულებიდან ბევრი მუშაობს, ზოგი – კინოშია, ზოგი – დიზაინში, ერთმა მარჯანიშვილის თეატრში გააფორმა სპექტაკლი. რამდენიმე საზღვარგარეთ წავიდა – საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არ ვიცი. ბევრია ნიჭიერი, საინტერესო და ჭკვიანი ახალგაზრდა, მაგრამ პერსპექტივა ნოლია, ჯერჯერობით.
– თეატრი თქვენი არჩევანი იყო? და ვინ იყო პირველი რეჟისორი, ვისთანაც მოგიწიათ მუშაობა?
– თეატრი ჩემი სურვილი არ ყოფილა… უბრალოდ, შემოსავალი რომ გქონოდა, მაშინ არსებობდა ორი გზა: სამხატვრო კომბინატი და თეატრი. პირველი არ მაინტერესებდა და თეატრით იმიტომ დავიწყე. თავიდან მოზარდმაყურებელთა თეატრში ვიმუშავე რამდენიმე რეჟისორთან, პირველი იყო თენგიზ მაღალაშვილი (ედიშერის ძმა). მერე მოვხვდი რუსთაველში, გავიდა რაღაც დრო, რამდენიმე დადგმა უკვე გავაკეთე და ერთ დღესაც სერგო ზაქარიაძემ მითხრა: წამოდი, განცხადება დაწერეო. რა განცხადება-მეთქი?.. მხატვრის თანამდებობაზე მან მიმიღო. ბატონი სერგო დიდი პიროვნება იყო, მაშინ თეატრს ბევრი დიდი მსახიობი ჰყავდა.
– რუსთაველის თეატრს განსაკუთრებული ადგილი აქვს თქვენს შემოქმედებაში…
– თეატრში მოვხვდი იმ პერიოდში, როცა მისი აღმავლობის ხანა დაიწყო. რუსთაველის თეატრი უფრო იმპროვიზაციის თეატრია და იქ იყვნენ ამის დიდოსტატები – რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვა მრავალი. ტოვსტონოგოვი ამბობდა: მიყვარს ნიჭიერი მსახიობი, მაგრამ უფრო მიყვარს ნიჭიერი და იმპროვიზაციის უნარიც რომ აქვსო. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მსახიობს შეუძლია როლს კი არ გაყვეს, არამედ თავისებური სახე შექმნას ამ როლისგან და ამის საშუალება რუსთაველის თეატრში იყო. რეპეტიციებს მუდმივად ვესწრებოდი, სპექტაკლზე მუშაობა ცოცხალი პროცესია და ყოველ წუთში რაღაც იცვლება. ვამოწმებდი კოსტიუმებს, რეკვიზიტსაც მე ვარჩევდი და განათებასაც მე ვაყენებდი.
ფოტო: რუსთაველის თეატრში
– ბოლო წლების ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევთ? რამდენი წელია, რაც დადგმაზე აღარ გიმუშავიათ?
– თემურ ჩხეიძესთან – „გრონჰოლმის მეთოდი“, დღესაც მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია. ამჟამად, თეატრში მუშაობის არავითარი სურვილი არა მაქვს, 11 წელია რაც სპექტაკლი არ გამიკეთებია. რა დადგმებიც ვნახე, არაფერი მომწონებია. დააკვირდით, ყველა თეატრში მსახიობი ყვირის, ან ხელებს იქნევს… წყნარად ლაპარაკი არ შეუძლია იმიტომ, რომ არც სტანისლავსკის და არც სხვა მეთოდებს არ ასწავლიან. როდისმე სესილია თაყაიშვილის ყვირილი გაგიგიათ? ან ვერიკო ანჯაფარიძის? ჩვენ დღეს არ გვაქვს თეატრის ძლიერი სკოლა. წინათ იყო… მიხეილ თუმანიშვილს გავიხსენებ. მასთან სამი სპექტაკლი გავაკეთე. ძალიან გახმაურებული იყო – „დონ ჟუანი“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“, მერე ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ დადგა. მიშა უშუალოდ სპექტაკლზე არასდროს ლაპარაკობდა, განყენებული საუბრები ჰქონდა, რაღაც ამბებს გვიყვებოდა. თუმანიშვილს უდიდესი ღვაწლი აქვს ქართულ თეატრში.
მთავრობა გვეუბნება, რომ თეატრი არ არის პოლიტიკის საგანი. როგორ არ არის? შექსპირიდან დაწყებული ბრეხტით დამთავრებული, სხვა დიდი ავტორები – იონესკო, ბეკეტი, დიურენმატი… სულ პოლიტიკური თეატრია. დღევანდელობას უნდა ასახავდეს თეატრი, მაგრამ დღეს ჩვენთან ხმას ვერ იღებს ვერავინ.
– ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდით, თავიდან გაგიჭირდათ? რა იყო სიახლე თქვენთვის მუშაობის პროცესში?
– პირველხანებში ყველას უჭირს, მერე დამეხმარნენ ამერიკელები და დავიწყე პედაგოგობა ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სადაც 20 წელი ვასწავლიდი (საუკეთესო პედაგოგის წოდება მიანიჭეს – ავტ.). ამავე დროს სპექტაკლებს ვაკეთებდი ამერიკაში და საზღვარგარეთაც. ტექნიკური შესაძლებლობები ამერიკაში და ჩვენთან რომ შევადაროთ, ცა და დედამიწაა. შენ ოღონდ რამე მოიგონე და ყველაფერს გაგიკეთებენ, მაგრამ გამოცდილი პროფესიონალი უნდა იყო. პირველივე რეპეტიციიდან იცი, როდისაა პრემიერა, რამდენია ბიუჯეტი და ყველა პირობა ცნობილია. ჩვენთან ბევრ თეატრს სახელოსნოებიც კი არა აქვს (მაგალითად, ოპერის თეატრს). იქ ბევრი თავისუფლება გეძლევა, თორემ ჩემი აზროვნება არ შეცვლილა იმიტომ, რომ მანამდე მთელი მსოფლიო მოვლილი მქონდა რუსთაველის თეატრთან ერთად და სპექტაკლები დადგმული – საფრანგეთში, ფინეთში, იტალიაში… იქ ფასობს ინდივიდუალობა და თავისუფალი აზროვნება.
– კრიტიკას როგორ უყურებთ და საკუთარი თავის მიმართ თუ ხართ კრიტიკული?
-აღტაცება საკუთარი ნამუშევრით არ მახასიათებს, ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ – რაღაც გამოვიდა, რაღაც – ისე არა. მე თვითომ ვხედავ, რა არის ჩემი მინუსი. იმას კრიტიკოსი ვერ ხედავს იმიტომ, რომ თავისი შტამპები აქვს და იმით აზროვნებს. ჩვენთან, ძირითადად ასეა, ამიტომ აქაური კრიტიკის სფერო არ მაინტერესებს. ამერიკაში სერიოზული კრიტიკა არსებობს და იბეჭდება სერიოზულ პრესაში. ის ჩანაწერები აქაც მაქვს, მაგრამ შენ წინსვლაზე ეგ არ მოქმედებს. ვინ როგორ შეხედა შენ ნამუშევარს – ეს ერთია და მეორეა – ნახა და მიგიწვია, ეს არის წინსვლა.
– ახლახანს 85 წელი შეგისრულდათ, რას იტყვით ასაკზე, განვლილ დროზე?..
– მთელი ცხოვრება ვიმუშავე, ბევრი ახალგაზრდა გავზარდე, აქაც და ამერიკაშიც. ახლა დიზაინის სკოლა მაქვს. ზოგჯერ ასეც ხდება: ერთ დღეს დამირეკავენ, მეტყვიან, ეს უნდა გავაკეთოთო და მერე, რამდენიმე თვით ქრებიან… 85 წელი არაა პატარა ასაკი, თუმცა ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალას მაძლევს. პესიმისტი ვარ – რასაც ვუყურებ და ოპტიმისტი ვხდები, როცა სტუდენტებთან ვარ.
მიყვარს წეროვანში ყოფნა, სერგო ზაქარიაძემ დაგვირიგა ნაკვეთები და სახლი დიდი წვალებით ავაშენეთ. ბავშვები იქ გავზარდეთ. მთელი თეატრის ხალხი იქ იყო: თემურ ჩხეიძე, მედეა ჩახავა, მარინა თბილელი, გია ყანჩელი… ახლა, მათი ოჯახის წევრები დადიან. ბევრმა გაყიდა სახლი, იფიქრეს, საბჭოთა კავშირი მუდამ იარსებებს და სანატორიუმებში დავისვენებთო. კარგი ადგილია, ირგვლივ ბევრი ძეგლია, ჩვენი სახლი ტყეში დგას. საინტერესო მხარეა და საერთოდ, ასეთი ქვეყანა მეორე არ არის. მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი, ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან, თანაც დიდიხნით. ეს ქვეყანა შეიძლებოდა სამოთხე ყოფილიყო, მაგრამ ქართველებმა მისი გაქურდვა რომ დაიწყეს, დღემდე ქურდავენ და ყველაფერს ყიდიან. ბოლოს ჭაობში აღმოვჩნდებით… მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველო რაღაცნაირად სწორ გზაზე დადგება.



