ცვლილებები შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განმარტავს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პოლიციას მიენიჭა უფლებამოსილება, პირი დააკავოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კერძოდ, მხოლოდ ზოგადი ეჭვის საფუძველზე, რომ მან მომავალში შეიძლება, ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და, ამასთანავე, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2018 წლის გადაწყვეტილებაში „S., V. AND A. v. DENMARK“ (Applications nos. 35553/12, 36678/12 and 36711/12) მითითებულია, რომ პრევენციული დაკავება შეესაბამება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციის მე-5 მუხლი განიმარტოს იმგვარად, რომ პოლიციისთვის შეუძლებელი გახდეს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. პოლიციამ გარკვეული ფორმით უნდა გამოიყენოს ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად პოლიციას ხელი მიუწვდება იმგვარ ინფორმაციაზე და ოპერატიულ მასალაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იცავს პირს დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავებისგან. პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, მათ შორის, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ დაკავებას იცნობს არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, დანიის, ჩეხეთისა და გერმანიის სამართლებრივი სისტემები. აღსანიშნავია, რომ არცერთი პრევენციული ღონისძიება პოლიციას არ აძლევს ზოგად, აბსტრაქტულ საფრთხეზე აპელირებით რაიმე ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მით უფრო იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი მიდრეკილია ჩაიდინოს დანაშაული ან სხვა ძალადობრივი ქმედება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა და ამასთან არსებობს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე. სამართალდარღვევის ჩადენის რეალური საფრთხის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია“, – აღნიშნულია -ს განცხადებაში.