2025 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში და არა მხოლოდ, რიგი ცვლილებები თუ რეგულაციები ამოქმედდება.
რა ცვლილებები ამოქმედდება ივლისიდან
საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება
2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისიდან საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.
„2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის კომერციული მიზნით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული (დაკვეთით), მგზავრების გადაყვანისას, ყველა გადამზიდველმა სავალდებულოდ უნდა შეავსოს მგზავრთა სია, რომელიც ECMT-ის საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
ამასთან, მგზავრთა სია სავალდებულოა ყველა M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მინივენები, ავტობუსები და მიკროავტობუსები) შემთხვევაში. დოკუმენტი უნდა შეივსოს ელექტრონულად, ლათინური ასოებით, მგზავრობის დაწყებამდე. ბეჭდური ვერსია უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს. სია უნდა ამოიბეჭდოს მხოლოდ A4 ფორმატზე,“ – განმარტავს სამინისტრო.
გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება
2025 წლის 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენება სავალდებულო ხდება.
მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველმა განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში.
ცნობისთვის, აღნიშნული რეგულაცია თვითმმართველ ქალაქებში 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ლაქ-საღებავების პროდუქცია შემოწმდება
2025 წლის 1-ლი ივლისიდან ლაქ-საღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება.
საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება.
ბაზარზე პროდუქციის ზედამხედველობას ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეაჩეროს პროდუქტის იმპორტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნულს გულისხმობს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები.
კერძოდ, 2025 წლის 1-ლი ივლისიდან სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან გატანის ნებართვის (ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვის გარდა) მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი – 18 წლიდან განისაზღვრება. სასიგნალო იარაღით/მისი ვაზნით ვაჭრობის, ამ იარაღის/ვაზნის დამზადების (წარმოება) და სასიგნალო იარაღის შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი იქნება 100 ლარი. ცვლილებების თანახმად:
· ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი,
· უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი.
· იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით.
· როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.
თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას აძვირებს
1-ლი ივლისიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას კვლავ აძვირებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით გაიზრდება და 5.83 დოლარით განისაზღვრება. მანვე დასძინა, რომ ღირებულება ყოველ მომდევნო წელს გადაიხედება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა შესაძლოა, გავლენა საქართველოზეც მოახდინოს. კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანია „სოფმარის” დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით, უკვე წერდა, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის ღირებულების ზრდა საზღვაო გადაზიდვებსა და პროდუქციას 15%-ით გაზრდის.
საფრანგეთი პლაჟებსა და პარკებში მოწევას კრძალავს
საფრანგეთი ღია სივრცეებში, სადაც ბავშვებს შესვლა შეუძლიათ, მოწევას კრძალავს. აკრძალვა 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში და პლაჟებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ბაღებში, სკოლების გარეთ, ავტობუსის გაჩერებებსა და სპორტულ მოედნებზე გავრცელდება.
როგორც ჯანდაცვისა და ოჯახის მინისტრ კატრინ ვოტრენმა განაცხადა, „მოწევის თავისუფლება უნდა დასრულდეს იქ, სადაც სუფთა ჰაერზე ბავშვების სუნთქვის თავისუფლება იწყება.“ მინისტრი დასძენს, რომ კაფეებისა და ბარების ღია სივრცეებზე, რომლებიც ტერასების სახელით არის ცნობილი, აკრძალვა არ იმოქმედებს.
როგორც BBC წერს, დადგენილი წესის დარღვევა 135 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო აკრძალვის დაცვას პოლიცია გააკონტროლებს.
რუსეთიდან და ბელარუსიდან ევროკავშირში შეტანილ რიგ პროდუქტებზე ახალი გადასახადები წესდება
ევროკავშირის საბჭომ რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ საკვებ პროდუქტებსა და სასუქებზე, რომლებიც აქამდე არანაირი გადასახადით არ შემოიფარგლებოდა, ახალი გადასახადები დააწესა.
ევროპის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, გაზრდილი გადასახადები 2025 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი გადასახადები რუსეთიდან და ბელარუსიდან სოფლის მეურნეობის იმპორტზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად და რუსეთის შემოსავლის შესამცირებლად დაწესდა.
წყარო: bpn.ge
