ცვლილებები, რომელიც 2026 წელს შრომის კოდექსში შევა – რა უნდა იცოდნენ კომპანიებმა

2026 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შედის ახალი კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც იცვლება შრომითი მიგრანტებისა და უცხოელის მიერ საქართველოში დაფუძნებული ინდ. მეწარმის სტატუსი. იურიდიულ კომპანია LTA-ზე დაყრდნობით გთავაზობთ ყველა საკვანძო ცვლილებას, რომელიც მომავალი წლის წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება – ნაწილი 1-ლი მარტიდან, ხოლო ნაწილი – 1-ლი სექტემბრიდან.
· შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს ემატება თვითდასაქმებული უცხოელის განმარტება
თვითდასაქმებული უცხოელის განმარტება შემდეგი იქნება: საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა.
· ფართოვდება შრომითი იმიგრანტის განმარტება
იცვლება შრომითი იმიგრანტის განმარტებაც და გარდა იმ პირებისა, ვისაც სურს საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, დამატებით მოიცავს პირებს, რომლებიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას დისტანციურად ახორციელებენ და ასევე უცხოელებს, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან.
· შრომითი საქმიანობის უფლება ანაცვლებს იმიგრანტის რეგისტრაციის ვალდებულებას
შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია ნაცვლდება შრომითი საქმიანობის უფლებით, რომელიც უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან ადგილზე ან დისტანციური ფორმით.
· საქართველოში საქმიანობის განსახორციელებლად ბინადრობის მოპოვება სავალდებულო წინაპირობა ხდება
მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზეც გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა შრომითი საქმიანობის უფლებასთან ერთად, აქვს საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლიდანაც ეკონომიკურ სარგებელს იღებს.
· შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა
დასაქმებული შრომის უფლებას მოიპოვებს დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითადასაქმებული – თავად. ორივე შემთხვევაში, დასაქმებულმაც და თვითდასაქმებულმაც უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
· განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს შეიძლება მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
· განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგი პროცედურები
· შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ:
1. ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად;
2. უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
3. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს.
რა სანქციები იმოქმედებს კანონის დაუცველობის შემთხვევაში?
ადგილობრივ დამსაქმებელთან ან თვითდასაქმებულის მიერ შრომითი საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელება გამოიწვევს თვითდასაქმებულის/ ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. ასევე კონკრეტულ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს სამმაგ ჯარიმასა და სხვა სანქციებსაც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
საქართველოს ბინადრობის ნებართვების ცვლილებები
1. შრომითი ბინადრობის მიღების წინაპირობა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება.
2. კანონმდებლობას ემატება სპეციალური ბინადრობის ნებართვა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი დასაქმებულებსა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. ასეთი ბინადრობა გაიცემა 3 წლის ვადით, ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მისი ოჯახის წევრებზე, უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და საქმიანობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ასეთი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ასევე აღნიშნული პირის ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და მისი ოჯახის წევრებზე.
3. IT სფეროში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონემ ან/და აღნიშნულ სფეროში დასაქმებულმა პირმა უნდა წარადგინოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ სფეროში საქმიანობით მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის.
4. 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
5. უძრავი ქონების ღირებულება, რომლის საფუძველზე პირმა შეიძლება მიიღოს მოკლევადიანი ბინადრობა გაიზარდა მინიმუმ 150 ათასი აშშ დოლარამდე (100 ათასი აშშ დოლარიდან).
6. მკაცრდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის და გაძევების პროცედურები.
თუ შრომითი უფლების ნებართვასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ იურიდიული მომსახურება, ამაში იურიდიული ფირმა LTA-ს პროფესიონალთა გუნდი ოპერატიულად დაგეხმარებათ.
(R)