ცვლილებების პროექტით, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ახალი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის სავალდებულო იქნება
დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ახალი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის სავალდებულო იქნება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით, სიახლეა ისიც, რომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა.
კანონმდებლობას დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ნორმა ემატა, რომლის მიხედვით, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება.
ამასთან, ცვლილებებით, პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გამოწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან.
ამავე კანონის პროექტით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა ერთ წლამდე ვადით, ნაცვლად ექვსი თვისა.
1tv.ge
