„ცვლილება $150 მლნ-მდე დოლარის სესხებს შეეხება“ – რას შეცვლის სავალუტო კრედიტების ლიმიტის ₾750,000-მდე გაზრდა? (bm.ge)

1 აგვისტოდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი მორიგ ჯერზე მკაცრდება და 750,000 ლარამდე იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, 750,000 ლარამდე ზღვრის ფარგლებში სავალუტო სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ და კრედიტის აღება მხოლოდ ლარში შეეძლებათ.
ეროვნულ ბანკში BMG-სთან ცვლილებების მიზეზს განმარტავენ და აცხადებენ, რომ სესხების ნაწილში ლარიზაციის ტემპი დამაკმაყოფილებელი არ იყო, შესაბამისად, სებ-მა მორიგ ჯერზე ამ ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით უტიაშვილის განცხადებით, ზღვრის აწევა დაახლოებით 1000 სესხს შეეხება, ხოლო ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდეა
„ზოგადად, დოლარიზაცია ჩვენი ფინანსურ სექტორის მთავარ გამოწვევად რჩება. ამ ეტაპზე სესხებში დოლარიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, დეპოზიტებში კი 50%. მნიშვნელობას 10%. თუ შეხედავთ დინამიკას, ანაბრების მხარეს ეს ნიშნული გაუმჯობესებულია, თუმცა სესხებში დოლარიზაცია ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ამაზე საპასუხოდ, შეზღუდვები გავამკაცრეთ და სავალუტო დაკრედიტების ზღვარი გავამკაცრეთ 500 ათას ლარამდე. თუმცა ლარიზაციის ტემპი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 აგვისტოდან ეს ზღვარი 750 ათას ლარამდე გაიზრდება.
აქ მოლოდინი არის, რომ ლარიზაციას მზარდი ტენდენცია ჰქონდეს. ეს ცვლილება წლიურად დაახლოებით 1000 სესხს შეეხება, რაც 150 მილიონი დოლარის ექვივალენტია საბანკო სექტორის პორტფელში. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ამას მცირე სეგმენტზე ექნება გავლენა, ეს არ უნდა იყოს ჯამურად საკრედიტო ტენდენციებზე. უბრალოდ მსესხებლების გარკვეული ნაწილი უცხოურ ვალუტაში აღარ აიღებს სესხს და ის დაცული იქნება სავალუტო რისკისგან. ასევე ეს ცვლილება გარკვეულწილად მზარდ ტენდენციას მისცემს ლარიზაციას“, – განაცხადა დავით უტიაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა.
წყარო: bm.ge