აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კამბოჯისა და ტაილანდის ლიდერები დაუყოვნებლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა სწრაფად შემუშავდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება საზღვარზე სამდღიანი ბრძოლების შემდეგ.
„ორივე მხარე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობას ეძებს“, – წერს ტრამპი.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ფუმტამ ვეჩაიაჩაიმ, მადლობა გადაუხადა ტრამპს და განაცხადა, რომ ტაილანდი თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ „სურს, რომ კამბოჯის მხრიდან გულწრფელი განზრახვა იყოს“.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე სასტიკი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 130 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
შეგახსენებთ, ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე რვა რეგიონში საომარი მდგომარეობა გუშინ გამოაცხადა.
უკვე მეორე დღეა, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები გრძელდება. ძალადობის პროვოცირებასა და ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. კამბოჯამ ტაილანდს ცეცხლი რაკეტებითა და არტილერიით გაუხსნა, ტაიალანდმა კი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებით იერიში მიიტანა კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე.
დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაფართოების ფონზე დასახლებულ ტერიტორიებს ტოვებენ ადგილობრივები. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასი ათასამდე მცხოვრებმა სახლები დატოვა და დროებით თავშესაფარშია გადასული. კამბოჯის მხარე 23 000-მდე ევაკუირებულის შესახებ იუწყება.
ორდღიანი დაპირისპირების ფონზე ტაილანდის მხარეს დაღუპულია 16 და დაშავებულია, სულ მცირე, 46 ადამიანი. კამბოჯა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
