პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს.
ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკო დღეს განიხილავს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს.
ცესკოს ცნობით, წელს საარჩევნო უბნები გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, იაპონიასა და ავსტრალიის თანამეგობრობაში, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე.
შედარებისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც კორონავირუსის პერიოდში ჩატარდა, საზღვარგარეთ 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მაშინ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს მხოლოდ 66 217 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. მათი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზე იყო, ნაწილმა კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს წარმომადგენლობაში რეგისტრაცია გაიარა. ამის ფონზე არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.
დეტალურ ინფორმაციას, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გაიხსნება საარჩევნო უბნები, ცესკო დღეს, 26 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.
რაც შეეხება იმ ემიგრანტებს, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ვერ მოასწრეს, მათ არჩევნებში მონაწილეობა მაინც შეუძლიათ, თუ ისინი 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.
Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.
ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.