ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
“მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს – ოქტომბრის პირველ შაბათს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:
საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
ხოლო თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით. პარტიას განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.
ამასთან შეგახსენებთ რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.
თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მომართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა”- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების, ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცესკო-ს : 2 51 00 51.