ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია.
დასკვნაში ნათქვამია – „ცენტრალურმა საარჩევნოკომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყომომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას შემოწმდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU Desktop 818-100), ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES- 1800Plus) და ტაბლეტ-კომპიუტერები (Lenovo Tab K11). Pro V&V დააკვირდა არჩევნების ჩატარების პროცესს, კერძოდ უბნების კომისიის წევრებს, უბნის ტექნიკურ პერსონალს (რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე), ასევე თავად ამომრჩევლებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალთან დაკავშირებით, აუდიტი ფოკუსირებული იყო არჩევნების დღისთვის მათი მზადყოფნის შეფასებაზე, ხოლო ამომრჩევლებისშემთხვევაში ყურადღება გამახვილდა ხმის მიცემის აპარატებით სარგებლობაზე. ამასთან, შეფასდა შედეგების გადაცემა, სიზუსტისა და ეფექტურობის დასადგენად.
კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა. Pro V&V-მ პროექტის პირველი ეტაპის (პროგრამული განახლებები) ფარგლებში ჩაატარა საწყისი კოდისშემოწმება (ფუნქციური რეგრესიული ტესტირება), მეორე ეტაპზე კი (არჩევნების კონფიგურაცია) ProV&V-მ ჩაატარა კონფიგურაციის აუდიტი და შეამოწმა ყველა საჭირო ფაილი პროცესის სერტიფიცირების მიზნით.
საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:
• ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
• ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
• ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში;
• ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა;
• აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.
შეგახსენებთ, რომ ჩატარებული აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ მომზადებული დასკვნა საჯაროა და განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე. ყველა დაინტერსებულ პირს საშუალება აქვს გაეცნოს მას და მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც პროცესთან მიმართებაში დაისვა.