ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების წესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ტელეკომპანია იმედის გადაცემა პრაიმშოუს საშუალებით გეგმავს – სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით ცესკომ 6 მარტს ითხოვა 20 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა.
“საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის რესურსს იყენებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სხვადასხვა გადაცემაში პოზიციონირებას, ვინაიდან სატელევიზიო მედია კვლავ რჩება საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საუბარი საარჩევნო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მოწყობილობების შესახებ რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემებში. როგორც კვლევები აჩვენებს, ერთ-ერთი მაღალრეიტინგული გადაცემა არის ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუ“” – ასე ასაბუთებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბაძე “ამომრჩეველთა ინტენსიური ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების კამპანიის” საჭიროებას შესყიდვების საგენტოს ხელმძღვანელისთვის მიწერილ წერილში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მოთხოვანაზე პასუხს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 13 მარტამდე მიიღებს – კამპანიის ვადად მარტი და აპრილია მითითებული. ამავე პერიოდში ცესკოს სხვა გამარტივებული შესყიდვა რომელიმე სხვა ტელეკომპანიის ეთერში მოქალაქეთა ელექტრონული არჩევნების შესახებ ინფორმირების მიზნით, არ იძებნება.
გადაცემა პრაიმშოუ ძირითადად გასართობი თემატიკის გადაცემაა, რომლის წამყვანებიც მსახიობები და მომღერლები არიან, გარდა ნინო კუზანოვისა, რომელიც პროფესიით ექიმია.




