ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეჯამებას გეგმავს. სხდომა 11 საათისთვის არის დანიშნული. პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვა დაიგეგმა.
აქციაზე შეკრების შესახებ ოპოზიციის ნაწილმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა გამოაცხადეს.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.
