ცესკო: არჩევნებზე მონაწილეობის უფლებისთვის 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად კომისიას 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, მათგან 9 უკვე რეგისტრირებულია, ხოლო 19 შესაბამის პროცედურებს გადის. სარეგისტრაციო განცხადებების მიღება 15 ივლისს დასრულდა.
“საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1 აგვისტოს ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი, არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. გარდა ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.” – თქვა ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მოთხოვნებს შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:
· ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო;
· ლელო საქართველოსთვის;
· ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი;
· – მოქალაქეები;
· ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის;
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
· – სტრატეგია აღმაშენებელი;
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
· საქართველოს ევროპელი დემოკრატები;
· საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
· პროგრესი და თავისუფლება;
· მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის.
“აღნიშნულმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღეს.” – განაცხადა ნათია იოსელიანმა.