ცესკოს შენობასთან 3-მეტრიანი ღობე დაამონტაჟეს, რაც 300 ათას ლარზე მეტი დაჯდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო.
კონფლიქტის მიზეზი გახდა ს შენობის ირგვლივ მოწყობილი ღობე. ასევე, ცვლილება ცესკოს რეგლამენტში, რომლითაც ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური ჩნდება.
“ცესკოს” საფინანსო დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ბუსკივაძის, განმარტებით, მხოლოდ 3-მეტრიანი ღობისა და მისი თანმდევი კომპონენტების მოწყობა ცესკოს 300 000 ლარზე მეტი დაუჯდა. ღობის მოწყობა კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ის შემადგენელია ნაწილია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რაც შეეხება, მეორე სადაო საკითხს, ცესკოში მანდატურის სამსახურის შექმნას, ხმაურიანი დისკუსიისა და დაპირისპირების შემდეგ, დადგენილების პროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
მანდატურის სამსახური ცესკოს შიდა აუდიტის განყოფილების შემადგენელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ უწყებას დაემატება 4-5 ადამიანი, რომლებიც “ვალდებული იქნებიან, ცესკოს შენობაში და სხდომათა დარბაზში წესრიგი დაიცვან, მათ შორის, დახმარება გაუწიოს ცესკოს თავმჯდომარეს სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვაში”.
კომისიის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან არასაჭიროდ მიიჩნევენ როგორც მანდატურების დამატებას, ისე ცესკოს შენობის ირგვლივ ღობის აღმართვას.
როგორც დავით ჯინჯოლავამ, კომისიის წევრმა “ევროპული საქართველოდან” განაცხადა, ცესკო მხოლოდ 2024 წელს 5,5 მილიონ ლარს ხარჯავს დაცვის პოლიციის მომსახურებისთვის. ამას ემატება უსაფრთხოების სხვა ზომებისთვის გაწეული ხარჯი და დღეიდან, მანდატურის სამსახურიც. ჯინჯოლავამ თავმჯდომარეს სთხოვა, საერთოდ არ გაეტანათ საკითხი კენჭისყრაზე.
“ამ წელს 5,5 მილიონს ვუხდით დაცვის პოლიციის მომსახურებისთვის. ამას დაემატება მანდატურის სამსახური … რაში გჭირდებათ ეს მანდატურები? მე კი ვიცი ამის პასუხი, საზოგადოებას აუხსენით. დაცვის პოლიცია გყავთ, პირადი დაცვა გეყოლებათ, 4-მეტრიანი ღობე შემოღობილია, რა უნდა გავაკეთოთ ამისთანა ჩვენ, რომ კიდევ 4-5 მანდატური გჭირდებათ?”, – ჰკითხა მან გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს თავმჯდომარეს.