ცესკოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება კიდევ ერთხელ მოხდა – გიორგი სიორიძემ გიორგი კალანდარიშვილს “ქართული ოცნების” ნოტარიუსი უწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საპარლამენტო შეაჯამეს, -ში „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ და „გირჩის“ წარმომადგენელმა ბორის სოლომონიამ დატოვეს.
ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა – ამჯერად ერთმანეთს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკო-ში „ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე დაუპირისპირდნენ.
შელაპარაკება სიორიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ ნოტარიუსი უწოდა, ასევე განაცხადა, რომ მოვლენები, რაც დღეს ხდება, ცესკო-ს დაგეგმილი ჰქონდა და სწორედ ამიტომ გააკეთეს ადმინისტრაციის ეზოსთან ღობე.
კალანდარიშვილმა ოპოზიციონერს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მათ დღის წესრიგთან კავშირში არაა.
სიორიძის განცხადებით, ცესკო მაინც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას „რა დირექტივაც „ქართული ოცნებიდან“ აქვს, რაზეც კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.საბოლოოდ, სიორიძემ სხდომა დატოვა და დარბაზიდან გასვლამდე კალანდარიშვილს ასე მიმართა: „მე მგონი, თქვენ საერთოდ არ გეღიმებათ, ბატონო გიორგი, სიმწრის სიცილი გაქვთ“.
„დღის წესრიგი ერთი საკითხი გვაქვს, რაც 26 ოქტომბრის შედეგების შეჯამებას გულისხმობს. იმ შედეგების, რომელიც დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული. მაშინ, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ 2263 უბანზე ჩვენი ამომრჩევლების 90%-თვის ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო. შესაბამისად, არჩევნების ფარულობის და თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპი დარღვეული. ეს არის საფუძველი, რომ ახლა ცესკო-მ თავისი სახე შეინარჩუნოს. არჩევნები არჩატარებულად გამოაცხადოს და არჩატარების შედეგად, 2 თვეში ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამის ნაცვლად, გინდათ, რომ რიცხვებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდანაა მოწოდებული, ბეჭედი დაარტყათ. ეს თქვენთვის, ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება. ამ საკითხს ვაყენებ და იმის ნაცვლად, რომ ის გააკეთოთ, რაზეც მე ვსაუბრობ, გინდათ, რომ „ქართული ოცნების“ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულოთ. ბატონო გიორგი, გინდოდათ, რომ ისტორიაში შესულიყავით და ნამდვილად შეხვალთ, მაგრამ შეხვალთ არა იმით, რომ ისეთი არჩევნები ჩაატარეთ, როგორზეც საუბრობდით, არამედ იმით, რომ საუბრობდით: ამ წერტილებს ნუ გადამაყოლეთო. ეს წერტილები იყო სწორედ ის, რამაც ამ არჩევნებს ყოველგვარი ლეგიტიმაცია გამოაცალა. ამ წერტილების გამო შეხვალთ არჩევნებზე იმ შავი ლაქით, როგორც ბიულეტენის მეორე მხარეს იყო. მაგრამ მხოლოდ თქვენ არ გეხებათ ეს, ბატონო გიორგი, ყველას ეხება. ვწუხვარ ამის გამო, რადგან ყველაფერი გააკეთეთ, რათა დღევანდელი დღე მოგემზადებინათ. თავის დროზე, როდესაც ვსაუბრობდით, ეს ღობე რად გვინდა-მეთქი. ინფრასტრუქტურული პროექტიაო, ამბობდით. ეს ღობე იმიტომ გააკეთეთ, რომ ზუსტად იცოდით, რასაც აპირებდით“, – განაცხადა სიორიძემ.
ამასთან, მან კალანდარიშვილს არალეგიტიმური თავმჯდომარე უწოდა.
„ისეთ არალეგიტიმურ არჩევნებს ცდილობთ ბეჭედი დაარტყათ, როგორი არალეგიტიმური თავმჯდომარეც იყავით ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ გამო შეცვალეს კანონი, საქართველოს ევროინტეგრაცია შეაფერხეს, იმისთვის რომ დღევანდელი შედეგი მიეღოთ. „ქართული ოცნებისთვის“ როგორი ფასეულიც ბრძანებით, ისე უბრუნებთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა სიორიძემ.
რაც შეეხება კალანდარიშვილის განცხადებას, მან გიორგი სიორიძის ქმედებებს მედიასთან კეკლუცობა უწოდა.
„დღის წესრიგში შემაჯამებელი ოქმია. ნუ უშლით კომისიას ხელს საქმიანობაში. შემაჯამებელ ოქმს განვიხილავთ და ღობეზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მესაუბრებით. გინდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს. საკუთარ თავსაც კი არ ენდობით. სასამართლოს თქვენ არ ენდობით საარჩევნო ადმინისტრაციას თქვენ არ ენდობით, რა გაყვირებთ? გავიგე, რომ მედიასთან კეკლუცობთ, მაგრამ მიკროფონი გამორთული გაქვთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილიც. მან სიორიძე ასე მიმართა: „ბოდიში, რომ მევახშეების ნოტარიუსები არ ვართ. იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე თქვენ გგონიათ. ბევრი სანაცნობო წრე გვაქვს. დავალებები დირექტივები, ბრძანებები და ყურის აწევები თქვენს პარტიებში მოიკითხეთ“.