გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ შეისწავლა, ვინ დანიშნა ცესკომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებში 12-ვე ოლქსა და 74 უბანში.
აი, ფაქტმა შეამოწმა როგორც ოლქის შემადგენლობა, ისე ქალაქის და სოფლის უბნების 750-ზე მეტი კომისიის წევრის ვინაობა და აღმოჩნდა, რომ:
· საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია;
· საუბნო კომისიების 185 წევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღშია დასაქმებული (მასწავლებელი, აღმზრდელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი/გამგე);
· საუბნო კომისიების 21 წევრი ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერი, მათი ოჯახის წევრი ან/და სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელია;
· საოლქო კომისიების 18 წევრი მერიის, ა(ა)იპ-ის, სკოლის, ან ბაღის თანამშრომელია;
· საოლქო კომისიების 7 წევრი ქართული ოცნების მხარდამჭერია.
ამ საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს უბანზე თავიანთი დანიშნული თითო-თითო წევრი ეყოლებათ, ცესკო კი, მინიმუმ, 8 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. ცესკოს შემადგენელი საოლქო კომისია ირჩევს საუბნო კომისიის თავმჯდომარესაც, თავმჯდომარის მოადგილესაც და მდივანიც.
აი, ფაქტი წერს, რომ უბანზე ყველა საკვანძო პოზიცია ცესკოს ხელშია.
აუცილებელია, რომ ორივე ამ რგოლში, საუბნო თუ საოლქო კომისიები სანდო და პარტიებისგან მიუკერძოებელი ხალხით დაკომპლექტდეს.
აი, ფაქტის ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ ეს ასე არ ხდება.
აი, ფაქტის ცნობით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 185 საუბნო კომისიის წევრი საჯარო სკოლაში ან ბაღში მუშაობს. მათი უმრავლესობა მასწავლებელი ან აღმზრდელია, ნაწილი – დირექტორი ან გამგე.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასეთი სქემა მეორდება: სკოლის შენობაში გახსნილ უბნებზე თავმჯდომარეობას ანდობენ ამავე სკოლის დირექტორებს, რიგით კომისიის წევრებად კი კვლავ ამ სკოლის მასწავლებლებს გაამწესებენ ხოლმე.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ ამ საკითხზე ექსპერიმენტი ჩაატარა და იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს დაურეკა, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის კვოტით კომისიის თავმჯდომარეები ან წევრები არიან.
სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ “აი, ფაქტზე”.