ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.
„თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წალკის და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 30 საარჩევნო უბნის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ შესაძლოა, ამომრჩევლის ფარულობის პრინციპი დარღვეულიყო. გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დღესვე გაასაჩივრებს შესაბამის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას ის, რომ არც განხილვის შედეგად, არც საჩივრების ეტაპზე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ მოხდა კონკრეტული ამომრჩევლის მიერ მის მიერ მიცემული ხმის გამჟღავნება. ფარულობის პრინციპი სრულად უზრუნველყოფილი იყო. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.